Belive

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც პარიზელებმა "მონპელიე" 5:2 დაამარცხეს, გასახდელში ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ სიტუაციის განსამუხტად თანაგუნდელებსაც მოუწიათ ჩარევა. "პარი სენ-ჟერმენისთვის" აღნიშნული საღამო არაერთგვაროვანი გამოდგა. მათ ლიგა 1-ის სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნეს, სადაც თავდამსხმელებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი და გუნდის ახალწვეულმა რენატუ სანჩესმაც გაიტანა. თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა, ჯერ მთავარი ამბავი წინ გველოდება. სანამ შეხვედრაში ანგარიში გაიხსნებოდა, პარიზელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც კილიან მბაპემ ვერ შეძლო. რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი "მონპელიეს" კარში. ამჯერად პენალტის ნიშნულთან ნეიმარი დადგა და თავად აპირებდა დარტყმის შესრულებას. მაგრამ, მბაპეს ისევ საკუთარ თავზე სურდა აეღო პენალტის შესრულების ვალდებულება, რისი უფლებაც ბრაზილიელმა არ მისცა და კადრშიც მშვენივრად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთს დაძაბული მზერით შეხედეს.
მატჩის შემდეგ, გასახდელში ნეიმარსა და კილიანს შორის სიტუაცია დაიძაბა. ფეხბურთელები ერთმანეთს ხმამაღლა უყვიროდნენ და ერთმანეთის მიმართულებით საგნებიც კი ისროლეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, თანაგუნდელები ფიზიკურადაც კი შეეხნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, სიტუაციის განმუხტვა სხვა მოთამაშეების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. როგორც ჩანს, დაძაბულობა ჯერ კიდევ არ განმუხტულა, ვინაიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც მბაპეს აკრიტიკებდნენ და აღნიშნულ პოსტზე ნეიმარის "ლაიქი" იყო დაფიქსირებული.
გავრცელებული ჭორების, თანახმად მბაპეს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გუნდში და ისეთ საქმეებშიც ერევა, რაც ფეხბურთელს არ ეხება. ფანების თქმით, ამ ყველაფერზე შაბათის ფაქტიც მიუთითებს. ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ახალგაზრდა ფრანგს მესისა და ნეიმარის გვერდზე თამაში არ სურს და მათი გუნდიდან წასვლისთვის ყველაფერს აკეთებს.  

სხვა სტატიები