Belive

გარეთ საუთგეიტი: "ახლა კარგი დრო არაა ჩემს მომავალზე სალაპარაკოდ"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს 2:1 მოუგო და რეკორდულად, მეოთხედ მოიგო კონტინენტის პირველობა. ინგლისი კი ისევ უტიტულოდ დარჩა, მათ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ფინალი წააგეს. მატჩის შემდეგ ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

ვფიქრობ, ახლა არ არის კარგი დრო ჩემს მომავალზე სასაუბროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია. მე მჭირდება შესაფერის ადამიანებთან საუბარი, ეს კი ჯერ ვერ მოხდება.

მოთამაშეები უზარმაზარ დამსახურებას მიიღებენ იმისთვის, რომ ამდენს მიაღწიეს, აქამდე მივიდნენ, მაგრამ როდესაც ასე ახლოს ხართ, შანსი უნდა გამოიყენოთ კიდეც.

ისინი სიამაყით ატარებდნენ ინგლისის ნაკრების მაისურს და ბოლო მომენტამდე არ დანებებულან, უბრალოდ, ვფიქრობ, ესპანეთს მეტი კონტროლი ჰქონდა თამაშზე.

ინგლისი ძალიან კარგ მდგომარეობაშია იმ გამოცდილებით, რაც შეიძინა. ამ გუნდის მოთამაშეების უმეტესობა იქნება მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე და შესაძლოა მომავალ ევროზეც, თუმცა ახლა ეს დიდი ნუგეში არაა. - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა

ინგლისის ნაკრებს, ტურნირის მიმდინარეობისას, ბევრი კრიტიკა შეხვდა. ძირითადად ეს მათ სათამაშო სტილსა და მწვრთნელს შეეხებოდა. მნიშვნელოვანი სანაკრებო ტიტული ინგლისმა 1966 წელს მოიგო, როცა მსოფლიო ჩემპიონები საკუთარ კედლებში გახდა. 58 წელი გავიდა და მას შემდეგ ინგლისს მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია.

სხვა სტატიები