გარეჯმა პსჟ-ს აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყება.
იქამდე კი ძალიან საინტერესო ტრანსფერი გააკეთა ეროვნული ლიგის დებიუტანტმა "გარეჯმა" - კერძოდ, კახურმა კლუბმა წარმოშობით კამერუნელი, "პსჟ"-ს აღზრდილი - ფრანკ ბამბოკი იჯარის წესით დაიმატა.
29 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, საფეხბურთო კარიერა "პსჟ"-ს მეორე გუნდში დაიწყო, სადაც 48 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 2015 წელს კი ჯერ "უესკაში" გადავიდა, შემდეგ "სპარტა როტერდამში" ითამაშა. შემდეგ კი კვლავ ესპანეთს, კერძოდ კი "კორდობას" მიაშურა. 2019 წელს მან საკუთარი ძალები ისრაელის ჩემპიონატშიც მოსინჯა, 2019 წლის ბოლოდან, 2021 წლის ჩათვლით იგი პორტუგალიაში, კერძოდ კი "მარიტიმუ"-ში თამაშობდა.
პორტუგალიიდან საფრანგეთში წავიდა, სადაც "გრენობლის" შემადგენლობაში გამოსცადა საკუთარი თავი - საფრანგეთიდან "ფეჰერვარში" გადავიდა, შემდეგ კი "აელ ლიმასოლში" ითამაშა.
ახალი სეზონიდან იგი "გარეჯის" ღირსებას დაიცავს და კახურ კლუბს სადებიუტო ეროვნულ ლიგაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბამბოკს საფრანგეთის 16,17 და18-წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები.