Belive

განხეთქილება ევროპის სუპერ ლიგაში: კლუბების ნაწილმა ტურნირში მონაწილეობა გადაიფიქრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
​​ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეამ მოიცვა. ახალი ტურნირის შექმნის იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა კლუბების, ეროვნული ფედერაციების, ქომაგთა არმიის, მედიის, ვეტერანი თუ მოქმედი საფეხბურთო მოღვაწეების დიდი ნაწილი, ახალ პროექტს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე მხარს უჭერს. ამ ყველაფრის ფონზე, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა მედია საშუალებებმა ჯერჯერობით დაუდასტურებელი, თუმცა საკმაოდ სანდო ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რომლის თანახმადაც, გრანდების ნაწილმა, ტურნირში მონაწილეობა გადაიფიქრა. ხელშეკრულებას ხელი 12 ევროპული ტოპ კლუბის ხელმძღვანელებმა მოაწერეს, მათ შორის ინგლისური დიდი ექვსეული და 3-3 ესპანური და იტალიური კლუბია. მონაწილეობის სურვილი დოკუმენტურად “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ლივერპულმა”, “ტოტეჰემმა“, ლონდონის “არსენალმა” და “ჩელსიმ”, ლა ლიგიდან მადრიდის “რეალმა” და “ატლეტიკომ” და “ბარსელონამ”, სერია A-დან ტურინის “იუვენტუსმა”, “მილანმა” და თანაქალაქელმა “ინტერმა” დაამოწმეს. უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც მეტწილად დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადების და შესაძლო მკაცრი სანქციების გამოძახილია, ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და მადრიდის "ატლეტიკო" შეთანხმების დარღვევას და ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოესი საათების განმავლობაში, კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები