"მენტალურად და ფიზიკურად დავიჩაგრეთ" - კარლო ანჩელოტი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში, "არსენალი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ლონდონში, "ემირეითსზე" გამართულ მატჩში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით, "მეთოფეებმა" 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ საპასუხო მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან.
"სამეფო კლუბის" კარში გატანილი 2 გოლის ავტორი დეკლან რაისი გახდა, რომელმაც 58-ე და 70-ე წუთებზე საჯარიმო დარტყმებიდან გაიტანა, ხოლო მესამე გოლის ავტორი მიკელ მერინო გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტიმ იმედგაცრუება ვერ დამალა.
საჯარიმო დარტყმებიდან გაშვებული 2 გოლის შემდეგ, მენტალურად და ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა. საკმაოდ რთული მატჩი გამოგვივიდა და მომავალ კვირას ყველაფერს ვეცდებით, რომ მარცხი გამოვასწოროთ.
შანსი საკმაოდ დაბალია, თუმცა 100%-ით ვეცდებით, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ დღევანდელი ცუდი თამაში ღირსეული პასუხით გამოვასწოროთ.
ფეხბურთი შეიცვალა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რაისი ორ ჯარიმას გაიტანდა, მაგრამ ეს მოხდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - კარლო ანჩელოტი.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი, 16 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.