Belive

"გამაგრდი გიორგი" - შვილის ავადმყოფობის გამო კოპენჰაგენის ფანებმა ქართველი მცველი გაამხნევეს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო კლუბმა "კოპენჰაგენმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა. კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავის ოჯახი ჰოსპიტალიზებულია და გიორგის შვილი მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის.

მიუხედავად ოჯახში არსებული მძიმე ვითარებისა, 23 წლის გოჩოლეიშვილმა საკუთარ თავში გამონახა ძალები და მოედანზე "კოპენჰაგენისთვის" თავდაუზოგავად იბრძვის - გამონაკლისი არც 4 ნოემბერს, "სილკებორგის" წინააღმდეგ გამართული მატჩი (2:2) აღმოჩნდა, სადაც გოჩოლეიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გიორგი გოჩოლეიშვილის მხარდასაჭერად, "კოპენჰაგენის ფანებმა ტრიბუნებზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს.

მოედანზე გამოვლენილმა თავგანწირვამ "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი აღაფრთოვანა და იაკობ ნეესტრუპმა გუნდის გარშემო ყველას მოუწოდა, რომ გააკეთონ ყველაფერი იმ ფეხბურთელის მხარდასაჭერად, რომელიც წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაშია.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ გიორგისა და მის ოჯახს - ისინი ახლა საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში იმყოფებიან. ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მათ მხარდასაჭერად შეგვიძლია. - იაკობ ნეესტრუპი.

გიორგი გოჩოლეიშვილის გამხსნევებას თანაგუნდელებიც ცდილობენ. ტომას დელანი ერთ-ერთი პირველია, ვინც კომენტარი გააკეთა და ქართველ მცველს თანადგომა გამოუცხადა.

არასასიამოვნო ვითარებაა და განსაკუთრებით რთულია იმის აღქმა, რომ საქმე პატარა ბავშვს ეხება. ვიცი, რომ მას გარკვეული თავისუფლება აქვს, რათა უკეთ შეძლოს ყველაფრის მართვა. ყველა სხვა დანარჩენი კი უბრალოდ მის გვერდით უნდა ვიყოთ.

ის მგრძნობიარე და მხიარული ბიჭია და ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის სიტუაციასთან მიმსგავსებული მდგომარეობაც კი არ მქონია, ფეხბურთი შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან კარგი აქტივობა, როდესაც გარშემო ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს.

მსგავსი არაფერი განმიცდია. ვცდილობთ, მას საუკეთესო პირობები შევუქმნათ. შევეცადეთ აგვეხსნა, რომ მისი შვილის მკურნალობისთვის ის ახლა გაცილებით უკეთეს ადგილზე იმყოფება, ვიდრე მანამდე იყო. კლუბშიც გვყავს ექიმები და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კონტროლს დაექვემდებარება. - ტომას დელანი.

შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენს" საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდა. "კოპენჰაგენსა" და "შახტარს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დანიურ კლუბს ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლება აქვს.

"კოპენჰაგენის" ოფიციალური განცხადებით, კლუბი გიორგი გოჩოლეიშვილის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს და ამ დროის განმავლობაში, გოჩოლეიშვილმა შესაძლოა სავარჯიშო პროცესი და მატჩებიც გამოტოვოს.

სპორტულ მედია პორტალ belive-ს გუნდი, გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს თანადგომას ვუცხადებთ და ვიმედოვნებთ, რომ გიორგის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმოკლეს დროში გაუმჯობესდება.

სხვა სტატიები