Belive

გალათასარაის მეტოქემ თამაში ჩაშალა | თურქეთში ფეხბურთი ვერ დალაგდა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში "გალათასარაის" შეხვედრა პროტესტის ნიშნად შეწყდა. სტამბოლში სტუმრად ჩასული "ადანა დემირსპორის" ფეხბურთელები, 30-ე წუთზე, გასახდელისკენ დაიძრნენ და გალათასარაი მინდორზე მარტო დატოვეს. ამ მომეტისათვის გალა უკვე 1:0 იგებდა, ალვარო მორატამ მე-12 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა დანიშნული პენალტი, რბილად რომ ვქვათ, წესების დარღვევას არ ჰგავდა.

სტუმრებმა სწორედ საჯარიმოში წაქცეულ მერტენსზე დანიშნული პენალტი მიიჩნიეს უსამართლობად და მწვრთნელთან თათბირის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, 15 წუთში მოედანი დატოვეს.

ადანა დემირსპორის პრეზიდენტმა, მურათ სანჯაკმა განაცხადა, რომ პატარა კლუბებს უსამართლოდ ეპყრობიან და მათი პრობლემები არ მოგვარებულა, პროტესტი კი მსაჯთა კომიტეტსა და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას მიემართება.

გალათასარაის თავს დამტყდარი სკანდალი არ გამორჩენია "ფენერბაჰჩეს" წარმომადგენლობას, გუნდმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გალათასარაის მთელ რიგ მანკიერებებსა და თურქული ფეხბურთის შერცხვენაში სდებს ბრალს.

ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელიც თურქეთში ჩასვლის დღიდან უსამართლობაზე აპელირებს და მსაჯებს მეტწილად ირონიულად მოიხსენიებს, ამჯერადაც 'პროტესტანტების' მხარესაა. პორტუგალიელმა საკუთარ ინსტაგრამ სთორიში დადო დანიშნული პენალტის ეპიზოდი იმის საილუსტრაციოდ, რომ აშკარა სიმულაცია დარღვევად შეფასდა.

სხვა სტატიები