გალათასარაის ფანები ლივერპულელებს დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ
ჩემპიონთა ლიგის (ლიგის ფაზის) მეორე ტურში, გალათასარაი ლივერპულს უმასპინძლებს. პირველ ტურში გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული თამაში აჩვენეს, თურქები სტუმრად აინტრახტთან (5:1) დამარცხდნენ, ლივერპულმა კი შინ ატლეტიკოს (3:2) მოუგო.
თურქმა ულტრასებმა, საკუთარი გუნდის დასახმარებლად, ასეთი გზა აირჩიეს: სტამბოლში, ღამის ორ საათზე შეიკრიბნენ იმ სასტუმროს წინ, სადაც ლივერპულის ფეხბურთელები ისვენებდნენ და ფეიერვერკი მოაწყეს. ეს ხმაური და შეძახილები 4 საათამდე გაგრძელდა.
Galatasaray fans outside Liverpool’s hotel last night 😳 pic.twitter.com/UfgBvPkB2U
— The 44 ⚽️ (@The_Forty_Four) September 30, 2025
გალათასარაი ცნობილია „რემს პარკზე“ შექმნილი მტრული ატმოსფეროთი, რომელსაც წლების განმავლობაში რამდენიმე ინგლისური გუნდი უკვე გადააწყდა. სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრიბუნებზე გამოფენილი წარწერა - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ მიიღო.
გალამ ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის შვიდივე თამაში მოიგო. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მანჩესტერ სიტის ყოფილი ვარსკვლავები ილქაი გიუნდოგანი და ლეროი სანე, 9 ნომრის პოზიციაზე კი - ვიქტორ ოსიმენი.