Belive

გალათასარაი იკარდის შემცვლელად გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ჩემპიონს "გალათასარაის" გადაწყვეტილი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიუროს და გუნდში ახალი, მომავალზე გათვლილი ფეხბურთელები მოიყვანოს. მთავარი სამიზნე "მეცის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც გალათასარაი იკარდის ალტერნატივად განიხილავს.

როგორც ცნობილია, კლუბსა და გიორგის შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. გალა 23 წლის თავდამსხმელის ტექნიკით, სისწრაფითა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანი უნარებით არის მოხიბლული, თავად მიქაუტაძეც ინტერესის მიმართ უაღრესად დადებითად განწყობილია.

ქართველს, რომელიც მეცმა "აიაქსიდან" 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. მას საფრანგეთშიც ჰყავს მსურველები და მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. აიაქსში გატარებული კრიზისული პერიოდის შემდეგ, მიქაუტაძე მეცში იანვარში დაბრუნდა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ჩატარებულ 20 შეხვედრაში გიორგის ჯამში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მიქაუტაძეს ნაკრებში ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები