გაიყიდება თუ არა ალკოჰოლი მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატზე?
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კატარში, ალკოჰოლის გაყიდვები მკაცრად იყო შეზღდული და მხოლოდ კორპორატიული სფეროებით შემოიფარგლებოდა. FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2034 წელს მუნდიალს საუდის არაბეთი უმასპინძლებს, ამიტომ გულშემატკივარში ისევ ჩნდება კითხვები, ამჯერად თუ მაინც იქნება ხელმისაწვდომი ალკოჰოლი როგორც ფანზონებში, ასევე მოედნებზე.
საუდის არაბეთის კანონმდებლობით, ალკოჰოლის მოხმარება ან ფლობა შეიძლება ისჯებოდეს ჯარიმებით, დეპორტირებით, პატიმრობით ან ფიზიკური დასჯით, როგორიცაა საჯარო გამათრახება. 2022 წელს, საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ თურქი ალ-ფაისალმა Sky News-თან ამ თემაზე ისაუბრა.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ ჩვენი აკრძალვების, ვერ იღებთ სიამოვნებას ჩვენთან სტუმრობით და არ სცემთ პატივს ჩვენს წესებს, შეგიძლიათ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ. - განაცხადა საუდის არაბეთის სპორტის მინისტრმა
ალკოჰოლს ვერ შეიძენთ საუდის არაბეთის სხვა სპორტულ ღონისძიებებზეც, მათ შორის F1-ში, სადაც მხოლოდ უალკოჰოლო ლუდი იყიდება.
ჩვენ გვქონდა 100-ზე მეტი გლობალური სპორტული ღონისძიება, რომელიც უკვე ჩატარდა საუდის არაბეთში. ამ ტურნირებზე ალკოჰოლს არ სვამდნენ. ჩვენ გვყავდა სპორტის სამი მილიონი გულშემატკივარი ქვეყანაში და ისინი უკან დაბრუნების სურვილს გამოთქვამდნენ - მსოფლიო ჩემპიონატის საუდის არაბეთის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰამად ალბალავი
ამ ეტაპზე ოფიციალური დადასტურება ან უარყოფა არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლი არ იქნება ხელმისაწვდომი.
საუდის არაბეთისთვის მუნდიალის მინიჭების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს გულშემატკივართა მრავალმა ჯგუფმა და ადამიანის უფლებადამცველებმა.