ფოდენი: "პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ"
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშებს, მათ მიმართ დიდი კრიტიკა ისმის. ინგლისის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და საკმაოდ ცუდი თამაშები აჩვენეს. ამაზე ისიც კარგად მეტყველებს, რომ "სამმა ლომმა" სულ რაღაც ორი გოლი გაიტანა.
ინგლისს საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა 1/8-ფინალშიც, სადაც სლოვაკეთს შეხვდნენ. უპირობო ლიდერები სლოვაკებთან 25 წუთის შემდეგ მარცხდებოდნენ. საუთგეიტის გუნდს 95-ე წუთზე მხსნელად ჯუდ ბელინგემი მოევლინა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ, ჰარი კეინის მეორე გოლით ინგლისმა 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.
ამის ფონზე ძალიან აკრიტიკებენ საუთგეიტს, რომლის სათამაშო სტილიც ექსპერტებს ძალიან არ მოსწონთ. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს ფილ ფოდენს.
გარეთის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. ვარჯიშებზე გვეუბნება, რომ მოწინააღმდეგე დავპრესოთ და მოედანზე მაღალ დონეზე ვითამაშოთ. ზოგჯერ ეს ყველაფერი ფეხბურთელებისგან უნდა მოდიოდეს. ლიდერები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მატჩების დროს უფრო ერთსულოვნად უნდა ვითამაშოთ და გამოსავალიც უკეთ უნდა მოვძებნოთ.
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ. გუნდში ლიდერები უნდა იყვნენ, რომლებიც ერთად იმუშავებენ. მწვრთნელის საქმე მხოლოდ ერთია: ის სისტემაში გსვამს და გეუბნება როგორ ითამაშო. - განაცხადა ფილ ფოდენმა
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში ინგლისის ნაკრები შვეიცარიას შეხვდება. შვეიცარიელებმა 1/4-ფინალის საგზური იტალიასთან მოიპოვეს, რომელიც 2:0 დაამარცხეს.
ინგლისისა და შვეიცარიის მატჩი 6 ივლისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.