ფლეი-ოფების წინ გუნდს უღალატა | აშშ-ში ჰექტორ ჰერერა დააკავეს
ჰიუსტონ დინამოს ნახევარმცველი - ჰექტორ ჰერერა MLS-ის პლეი-ოფის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავეს.
პოდკასტ „The North End“-ის მიერ მოპოვებული პატიმართა რეესტრის მონაცემებით, დინამოს გამოცდილი ნახევარმცველი, ჰექტორ ჰერერა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი შაბათს ღამით, ჰიუსტონის ჩრდილოეთით მდებარე მონტგომერის ოლქში აიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით 'The Athletic;-ის ჟურნალისტ ტომ ბოგერტთან ოფიციალური კომენტარები უკვე გააკეთეს როგორც კლუბმა, ისე თავად MLS-მა - ორივე მხარის განცხადებით, ისინი ინფორმირებულნი არიან ჰერერასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ და ამჟამად დამატებით დეტალებს აზუსტებენ.
ეს ინციდენტი ჰიუსტონისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ მოხდა - დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ასპარეზობას სამშაბათს იწყებს. პირველ რაუნდში ჰიუსტონელთა მეტოქე მე-4 პოზიციაზე მყოფი სან-ხოსე ერსქვეიქსი იქნება. ორ მოგებამდე გასამართი სერია კალიფორნიაში დაიწყება, შაბათს კი ჰიუსტონში გადაინაცვლებს. მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და თანაბარი იქნება, რადგან რეგულარულ სეზონში სან-ხოსემ მეტოქეს სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო.
36 წლის მექსიკელი ნახევარმცველი ჰიუსტონ დინამოს პირველად 2022 წელს, მადრიდის ატლეტიკოში გატარებული პერიოდის შემდეგ შეუერთდა და გუნდის კაპიტანიც გახდა. 2024 წელს კლუბმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ჰერერამ ხანმოკლე პერიოდი მექსიკურ ტოლუკაში გაატარა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში კვლავ ჰიუსტონში დაბრუნდა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა (მათგან 19 ძირითად შემადგენლობაში), 3 გოლი გაიტანა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამში სასტარტო თერთმეტეულში იყო.