Belive

FIFA-ზე კრიმინალური კიბერშეტევა განხორციელდა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა და უცნობმა პირებმა „პერსონალური და საქმიანი ინფორმაციის შეზღუდულ ნაწილზე“ არასანქცირებული წვდომა მიიღეს.

Associated Press-ის ინფორმაციით, FIFA-მ განცხადებაში მკაცრად დაგმო მონაცემების, განსაკუთრებით კი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება და გავრცელება. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს კონფიდენციალურობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს იმ პირებს, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მოხდა - არჩევნები 18 მარტს არის ჩანიშნული. მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თავისი 11-წლიანი მმართველობის 2031 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს, მისი კონკურენტები კი იაპონელი კოძო ტაშიმა და ფრანგი ფილიპ დიალო არიან.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეები ოფიციალურად ჯერ არ იდენტიფიცირებულან, სოციალურ ქსელ X-ზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ჰაკერულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით Handsome Boy Hacking Club.

დაჯგუფების მტკიცებით, მათ FIFA-ს 12 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის შიდა დოკუმენტაცია მოიპოვეს, რომლის ნაწილმაც ინტერნეტში უკვე გაჟონა. სამართალდამცავ უწყებებს ამ განცხადებების ნამდვილობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

სხვა სტატიები