ფერმინ ლოპესი: "ესპანიოლის სტადიონზე ჩემპიონობა ფლიკის თხოვნით არ აღვნიშნეთ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ესპანიოლისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა. კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით 0:2 დასრულდა, რითიც ბლაუგრანამ ჩემპიონის ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა და ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში 28-ედ გახდა.
ბარსელონას გამარჯვებაში ლომის წილი 17 წლის ლამინე იამალმა დაიდო, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა შესანიშნავი გოლი, მატჩის მიწურულს კი ფერმინ ლოპესს გაატანინა.
კატალონიელებმა ჩემპიონობა კატალონიურ დერბიში მოიპოვეს და ესპანიოლის სტადიონზე ემოციური აღნიშვნისგან თავი შეიკავეს, რაზეც მატჩის შემდეგ ფერმინ ლოპესმა ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონობა ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გავინაღდეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მომავალ თამაშებში მაქსიმალურად მშვიდად ვითამაშოთ.
რაც შეეხება ემოციებისგან თავის შეკავებას, ეს ფლიკის დამსახურებაა. მან გვითხრა, რომ გამარჯვება ესპანიოლის სტადიონზე და მათი ფანების წინაშე არ აგვეღნიშნა. არ გვინდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ"
- ფერმინ ლოპესი
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში 28-დ დაეუფლა, ლა ლიგაში კი 2 ტურია დარჩენილი, რომელსაც კატალონიელთა მხრიდან ფორმალური ხასიათი ექნება.