Belive

ფეხბურთის გულშემატკივარი 2014 წლიდან მსოფლიო ჩემპიონებს უშეცდომოდ ასახელებს

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2014 წელს გერმანელმა ეკონომისტმა, იოახიმ კლემენტმა, შექმნა ფორმულა, რომლის საშუალებითაც ივარაუდა, რომ იმ წელს მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდებოდა.

კლემენტის ფორმულამ 2018 წელს რუსეთში საფრანგეთის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ხოლო 2022 წელს კატარში - არგენტინის.

მომავალი მუნდიალის დაწყებამდე, სულ რამდენიმე კვირა რჩება, კლემენტმა კი უკვე დაასახელა ის, ვისაც ახალ ჩემპიონად მიიჩნევს და ეს ნიდერლანდების ნაკრებია.

საინტერესოა, რომ კლემენტის მოდელი მხოლოდ საფეხბურთო მონაცემებს არ ეყრდნობა, ის ქვეყნების მშპ-ს, მოსახლეობის რაოდენობასა და კულტურულ ფაქტორებსაც კი ითვალისწინებს. მისი თქმით, სწორედ ეს ეკონომიკურ-სოციალური ცვლადები მიიყვანს ნიდერლანდებს წლევანდელ ტრიუმფამდე.

,,ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდესაც ჩემმა მოდელმა და სიმულაციებმა აჩვენეს, რომ ნიდერლანდები გაიმარჯვებდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიმულაციამ ნიდერლანდებისთვის ფინალისკენ მიმავალი ძალიან, ძალიან რთული გზა გამოკვეთა.

თუ ჩემს მოდელს შეხედავთ, ის იყენებს ეკონომიკურ და კლიმატურ ფუნდამენტურ ფაქტორებს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ძლიერი უნდა იყოს გუნდი. რაც უფრო ახლოსაა ორი გუნდი სიძლიერით, იღბალი თითოეულ მატჩში მით უფრო დიდ როლს თამაშობს.

როდესაც ეს პირველად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გავაკეთე, გამარჯვებულად გერმანია დავასახელე და გერმანიამ მოიგო კიდეც. შემდეგ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე იმის საჩვენებლად, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, მაგრამ პროგნოზი კვლავ გამიმართლდა, და ასე მოხდა მესამედაც.'' - ამბობს კლემენტი

კლემეტი პროგნოზირებს, რომ პლეი-ოფს ნიდერლანდები მაროკოსა და კანადას დამარცხებით დაიწყებს, მეოთხედფინალში საფრანგეთს მოუგებს, ნახევარფინალში - ესპანეთს, ფინალში კი - პორტუგალიას.

სამჯერ გამართლების მიუხედავად, გერმანელი გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ეს ყველაფერი 100%-იან ჭეშმარიტებად არ უნდა აღიქვან:

ახლაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის პროგნოზირებისას, შედეგის ნახევარზე მეტი სწორედ იღბალზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზედიზედ სამჯერ მართალი აღმოვჩნდი, არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ბროლის ბურთი მაქვს.

ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგიათ, თუმცა 1974, 1978 და 2010 წლებში მეორე ადგილი დაიკავეს.

ჯგუფურ ეტაპზე კუმანის გუნდი იაპონიის, შვედეთისა და ტუნისის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო პირველ მატჩს 15 ივნისს, იაპონიასთან გამართავს.

სხვა სტატიები