Belive

ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტს განიხილავენ

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული საფეხბურთო ერები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების შესაძლებლობას განიხილავენ, თუ FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, ორგანიზაციის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვის გეგმას არ გადათქვამს.

წყაროს ცნობით, UEFA-ს წევრი ქვეყნები ამ კვირაში ონლაინ რეჟიმში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რათა FIFA-ს მიერ გარე ინვესტიციებით ახალი კომერციული კომპანიის დაფუძნების წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ.

რა არის ინფანტინოს გეგმა?

ინფანტინოს სურს 20 მილიარდად შეფასებული შვილობილი კომპანიის დაფუძნება და „FIFA Forward Enterprise“-ის 20%-ზე მეტი წილის გასხვისება 4.2 მილიარდის ინვესტიციის მოსაზიდად.

როგორც ირკვევა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის (FA) FIFA-ს სამშაბათის ნაჩქარევ განცხადებამდე ამ გეგმების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მეტიც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ნიუ-იორკში ეროვნულ ასოციაციებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე, FIFA-ს ეს სტრატეგიული ინიციატივა საერთოდ არ წამოუჭრია. მოვლენების ასეთმა განვითარებამ და პროცესის ფარულობამ UEFA-ს ხელმძღვანელობაში ინფანტინოს მართვის სტილის გამო უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია

ეს არის წითელი ხაზი, რომელიც საფეხბურთო ინსტიტუტებმა არასდროს უნდა გადაკვეთონ. UEFA ამ საკითხს უაღრესად სერიოზულად ეკიდება ისევე, როგორც თითოეული ეროვნული ასოციაცია, ლიგა, კლუბი, მოთამაშე, გულშემატკივარი, მთავრობა თუ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ფეხბურთის მომავალი ადარდებს.

ფეხბურთის სული და მართვის სისტემა არ არის ვაჭრობის საგანი - მით უმეტეს, სრული გაუმჭვირვალობის პირობებში, როცა უცნობია, ვინ იღებს ამით ფინანსურ სარგებელს. ფეხბურთი არცერთ ჩვენგანს არ ეკუთვნის და FIFA მას ვერ გაყიდის - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მკაცრი განცხადება

ცნობისთვის, უახლოესი მსოფლიო პირველობა ქალთა ტურნირია, რომელსაც მომავალ წელს ბრაზილია უმასპინძლებს.

მსგავსი პრეცედენტი 2021 წელსაც მოხდა, როდესაც FIFA იძულებული გახდა უარი ეთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეაზე - მას შემდეგ, რაც UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპული ნაკრებები ამ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

სხვა სტატიები