Belive

ევრო 2020: ყველაფერი რაც ბელგიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ

პროფილი

ბელგიის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1895 წლის 1 სექტემბერს ფიფას წევრი: 1904 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 1 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე, 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 71 (2007 წლის ივნისი) საშინაო არენა: მეფე ბოდუენი სახელობის სტადიონი (ბრიუსელი) მეტსახელი: წითელი ეშმაკები მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი კაპიტანი: ედენ აზარი (30 წლის, მადრიდის "რეალი") ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: იან ვერტონგენი (127) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: რომელუ ლუკაკუ (59) პირველი მატჩი: ბელგია - საფრანგეთი 3:3 (1904 წლის 1 მაისი, იუკელი, ბელგია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ბელგია - ზამბია 9:0 (1904 წლის 4 ივნისი, ბრიუსელი, ბელგია,), ბელგია - სან მარინო 10:1 (2001 წლის 28 თებერვალი, ბრიუსელი, ბელგია), ბელგია - გიბრალტარი 9:0 (2017 წლის 31 აგვისტო, ლიეჟი, ბელგია), ბელგია - სან მარინო 9:0 (2019 წლის 10 ოქტომბერი, ბრიუსელი, ბელგია) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება:  ინგლისის დამწყებები - ბელგია 11:2 (1909 წლის 17 აპრილი, ლონდონი, ინგლისი)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა - 13 (პირველად 1930 წელს) საუკეთესო შედეგი -  მესამე ადგილი (2018) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა - 6 (პირველად 1972 წელს) საუკეთესო შედეგი - მეორეადგილოსანი (1980) ოლიმპიური თამაშები: საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1920)
Belgian national team leads FIFA World Ranking in 2019

ისტორია

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაკრები როგორც შედეგებით, ისე სათამაშო სტილით საკმაოდ ძველი გუნდია და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, დაარსებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. პირველი მატჩი „წითელმა ეშმაკებმა“ ფიფას დაარსების ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურად გამართეს და მეტოქესთან უხვგოლიანი ფრე - 3:3 ითამაშეს. თუმცა, ბელგიური ფეხბურთი სათავეს გაცილებით ადრე იღებს. ბელგია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ფეხბურთის ასოციაცია დააფუძნა. ბელგიაში ფეხბურთის თამაში 1863 წელს, კონკრეტულად კი 26 ოქტომბერს დაიწყეს, როცა ირლანდიელმა სტუდენტმა იეზუიტების სკოლაში ტყავის ბურთი მიიტანა და თანაკურსელებთან ერთად თამაში დაიწყო. თავდაპირველად ელიტარული გართობა, მალე პროფესიონალურ სპორტად ჩამოყალიბდა და უკვე საუკუნის მიწურულს, 1895 წელს საფეხბურთო ასოციაციაც დაარსდა. მიუხედავად ამისა, საწყის წლებში ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად რაგბი მიიჩნეოდა. 1895 წლის 1 სექტემბერს ფეხბურთის, მძლეოსნობის, კრიკეტისა და ველორბოლის ათმა კლუბმა ბელგიის სპორტული საბჭო დააარსა, რომელმაც თავის მხრივ პირველი ყოველწლიური საფეხბურთო ლიგა შექმნა. ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა ბელგიელებმა მეოცე საუკუნის მეორე დეკადის მიწურულიდან დაიწყეს. იქამდე, პირველი მსოფლიო ომი და რთული პოლიტიკური ვითარება მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, 1920 წლის ოლიმპიური თამაშები მათთვის იღბლიანი აღმოჩნდა და ბელგიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი და დღემდე ერთადერთი ოქროს მედალი მოიპოვა. მართალია მსოფლიოს პირველ სამ ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები სტაბილურად გამოდიოდა, თუმცა 1970-იან წლებამდე მუნდიალზე მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა და ვერც კონტინენტის მასშტაბით მიღწეული წარმატებით გამოირჩეოდა. 70-იან წლებში ბელგიის ნაკრებს წარმატების პირველი ტალღა დაუდგა, როცა გუნდმა ჯერ 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, 8 წლის შემდეგ ფინალშიც ითამაშა, ხოლო 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილს დასჯერდა. 1980 წლის ევროპის პირველობა დღემდე ერთადერთი ტურნირია, რომელზეც ბელგიის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპი ბელგიის ნაკრებმა წაუგებლად და პირველი პოზიციით დაასრულა მათ მსოფლიოს ორ ჩემპიონ ინგლისთან (1:1) და იტალიასთან (0:0) ფრე ითამაშეს, ხოლო ევროპის პირველ ჩემპიონ ესპანეთს - 2:1 სძლიეს და ფინალში გავიდნენ, სადაც დასავლეთ გერმანიასთან პენალტების სერიაში (1:2) დამარცხდნენ. შემდეგი ევროპის ჩემპიონატი ბელგიის ნაკრებისთვის 20 წლის შემდეგ შედგა, სადაც ცენტრალური ევროპის წარმომადგენლები ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, 1982-2002 წლებში, ბელგიას მუნდიალი არ გამოუტოვებია. მიუხედავად ამისა, 2010-იანი წლების დადგომამდე, ბელგიის ნაკრებისთვის ყველა ტურნირი მხოლოდ მონაწილეობით და განსაკუთრებული წარმატების გარეშე გამოირჩეოდა. 2010-იანი წლები ბელგიის ნაკრებისთვის ნამდვილი ოქროს ხანაა. ეს ის პერიოდია, როცა გუნდს ყველა პოზიციაზე არაერთი ვარსკვლავი ყავს, რომლების მსოფლიოს წამყვან ლიგებსა და კლუბებში წარმატებით თამაშობენ. ტიბო კურტუას, იან ვერტონგენის, ტობი ალდერვაირელდის, ვინსენტი კომპანის, აქსელ ვიტსელის, კევინ დე ბრუინეს, ედენ აზარის, დრის მერტენსის, რომელუ ლუკაკუს და სხვათა თაობამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა შეძლო და ნახევარფინალამდე მიაღწია. გზად ბელგიელებმა ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულეს, თანაც მეტოქეებად ტუნისისა და პანამის ნაკრებების გარდა, მსოფლიოს ორი ჩემპიონი, ინგლისი და ბრაზილია და მექსიკის ნაკრები ჰყავდათ, აი ნახევარფინალში კი ეპოქალურ საფრანგეთის ნაკრებს და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონს ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ მესამე ადგილისთვის ბრძოლას დასჯერდნენ, რისთვისაც ინგლისს კიდევ ერთხელ აჯობეს (2:0) და შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. ყველა თანხმდება, რომ ბელგიის ოქროს ფორმაციის თაობისთვის ტიტულის მოგების მთავარი და ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი სწორედ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც გუნდს უკვე გამოცდილება მიღებული თაობა ჰყავს და მიუხედავად ედენ აზარის ცუდი სათამაშო ფორმისა თუ კევინ დე ბრუინეს სასტარტო პერიოდში დაუხმარებლობისა, რობერტო მარტინენსის გუნდმა წესით და რიგით, ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს. ამისათვის პირველი ნაბიჯი ბელგიის ნაკრებმა 12 ივნისს, რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადადგას, როცა ერთ-ერთ მასპინძელს კრესტოვსის არენაზე, სანქტ-პეტერბურგში, ჯგუფის პირველ ტურში უნდა დაუპირისპირდეს.

გზა ტურნირამდე

ბელგიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი უდანაკრგოდ განვლო და იტალიასთან ერთად ის საუკეთესო ნაკრები გახდა, რომელმაც საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა, ათიდან ათივე მატჩის მოგება მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედ ბრინჯაოსმედალოსნებს მეტოქეებად რუსეთის, შოტლანდიის, კვიპროსის, ყაზახეთის და სან მარინოს გუნდები ყავდათ და თითოეული მათგანი ორ-ორჯერ დაამარცხეს. საინტერესოა, რომ ბელგიის ნაკრებმა ყველა შეხვედრა სულ მცირე ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. რობერტო მარტინესის შეგირდებმა საერთო ჯამში 40 გოლი გაიტანეს, რაც მთლიანად ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი იყო. გუნდმა მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, რაც გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსის მსგავსად ასევე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შემადგენლობა

ბელგიის ნაკრების ვარსკვლავურ შემადგენლობას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდული იყო და მათ დიდ ტურნირზე წარმატების მისაღწევად მეტი გამოცდილება სჭირდებოდათ, რაც მუნდიალზე მესამე ადგილის დაკავებით თუ ასაკის მატებით, გუნდმა ბუნებრივად შეიძინა. რობერტო მარტინესის ხელთ არსებულ გუნდს უკვე საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს იმისათვის, რომ მეტოქეებს ტოლი არ დაუდოს და ჩემპიონობისთვის თავისუფლად იბრძოლოს. გუნდში ტრვამების მხრიბ საგანგაშო პრობლემები არ არის, თუმცა არასასიამოვნო ფაქტია ედნ აზარის ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს ყოფნა და კევინ დე ბრუნის ცხვირის მოტეხილობა, რაც „მანჩესტერ სიტის“ ლიდერს პირველ ტურში მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ მისცემს. რაც შეეხება მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს, მას „სამეფო კლუბში“ გადასვლის შემდეგ გატარებულ ორ სეზონში, საერთო ჯამში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 8 საგოლე გადაცემაა. სხვა მხრივ, ბელგიას პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, იდეალურ ფორმაშია ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელუ ლუკაკუ, რომელმაც ახლახანს დასრულებულ საკლუბო სეზონში იტალიის სერია A მოიგო, ჯამში 30 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და როგორც თავად აღნიშნავს, კარიერაში საუკეთესო სეზონიც ჩაატარა. ბელგიელთა სრული შემადგენლობა ევრო 2020-სთვის შემდეგნაირად გამოიყურება: მეკარეები: ტიბო კურტუა (მადრიდის "რეალი", ესპანეთი), სიმონ მინოლე ("ბრიუგე"), მატც სელსი ("სტრასბურგი", საფრანგეთი). მცველები: ჯეისონ დენაიერი ("ლიონი", საფრანგეთი), დედრიკ ბოიატა ("ჰერტა", გერმანია), ტომას ვერმაელენი ("ვისელ კობე", იაპონია), ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი", ინგლისი) იან ვერტონგენი ("ბენფიკა", პორტუგალია), ტომას მუნიე ("დორტმუნდი", გერმანია). ნახევარმცველები: იანიკ-ფერეირა კარასკო ("ატლეტიკო", ესპანეთი), ნასერ შადლი ("ბაშაკშეჰირი", თურქეთი), აქსელ ვიტსელი ("დორტმუნდი", გერმანია), ტიმოთი კასტანი ("ლესტერი", ინგლისი), ტორგან აზარი ("დორტმუნდი", გერმანია), კევინ დე ბრუინე ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი ("ვულვზი", ინგლისი), დენის პრატი, იური ტილემანსი (ორივე – "ლესტერი", ინგლისი), ედენ აზარი ("რეალი", ესპანეთი), ჰანს ვანაკენი ("ბრიუგე"). თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ ("ინტერი", იტალია), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია), ჟერემი დოკუ ("რენი", საფრანგეთი), ლეანდრო ტროსარი ("ბრაიტონი", ინგლისი), მიში ბატშუაი, კრისტიან ბენტეკე (ორივე – "კრისტალ პალასი", ინგლისი).

მწვრთნელი

რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია. ინგლისის პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდებში მიღებული რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, 2016 წელს ესპანელ სპეციალისტს „წითელი ეშმაკები“ ჩააბარეს და მალე მისი მუშაობით იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ 2018 წლის მუნდიალზე დაკავებული მესამე ადგილის შემდეგ, ტექნიკურ დირექტორადაც აირჩიეს. მარტინესს, რომელსაც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში, „სარაგოსაში“, „უიგანში“, „სოუნსიში“, „მოზერვილსა“ და „ჩესტერში“ უთამაშია, სამწვრთნელო სარბიელზე განსაკუთრებული წარმატებისთვის საკლუბო დონეზე არ მიუღწევია, თუმცა ერთი სენსაციური შედეგი ნამდვილად დააფიქსირა - მან „სოუნსიში“, „უიგანსა“ და „ევერტონში“ სამ-სამი სეზონი გაატარა და მთავარი მომენტი 2013 წელს „ატლეტიკთან“ ერთად ინგლისის ასოცაიციის თასის მოგება გახლდათ. 47 წლის სპეციალისტს ზურგს ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელი უმაგრებს, როგორიც ტიერი ანრია. 2016 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, (მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე) ფრანგი სწორედ ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუქნციებს ითავსებდა, სულ რამდენიმე ხნის წინ კი, “მონაკოსა“ და „მონრეალ იმპაქტში“ წარუმატებელი მუშაობის შემდეგ, ყოფილ თანამდებობას დაუბრუნდა. რობერტო მარტინესის თავკაცობით, ბელგიის ნაკრებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა, მოიგო რა 55 შეხვედრიდან 42, 9 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 9-ში დამარცხდა. 2018 წლის მუნდიალზე, ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთთან (0:1) მარცხის შემდეგ, ბელგიის ნაკრებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო - უეფას ერთა ლიგაში შვეციარიისა და ინგლისის წინააღმდეგ, ბოლო 8 მატჩში კი დაუმარცხებელია. ყველაზე ხშირად გამოყენებადი სათამაშო სქემა: 3-4-2-1, 3-4-3.

ვარსკვლავი

ბელგიელებს ვარსკვლავური სახელები და გვარები არ უკვირთ, თუმცა ამ შემთხვევაში იმ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ, რომლის უნარ-ჩვევების და შესაძლებლობებისაც, მათ გულშემატკივარს ყველაზე მეტად უნდა ეიმედებოდეს. გასაგებია, რომ გუნდს ჰყავს ედენ აზარი, თუმცა „ბლანკოსების“ მეშვიდე ნომრის მდგომარეობაზე უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ამ შემთხვევაში პრემიერლიგის ბოლო 4 სეზონიდან სამის ჩემპიონზე, ამავე ტრუნირის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, ხსენებული ტიერი ანრის რეკორდის განმმეორებელსა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ვიცე-ჩემპიონზე შევჩერდებით. კევინ დე ბრუინე ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურიდან შეუერთდება, თუმცა წარმატების მისაღწევად ის მარტინესის მთავარი გასაღები უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველისთვის დიდი სანაკრებო ტურნირის მოგების ერთ-ერთი ბოლო შანსია, ამავე დროს იგი ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა შორის აქტიურად განიხილება, ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა და ტრიუმფი, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსკენ 29 წლის ფეხბურთელს გზას გაუხსნის. დე ბრუინეს შედეგიანობა ეროვნულ გუნდში ასე გამოიყურება: 80 მატჩი, 21 გოლი და 38 საგოლე გადაცემა. მას ნაკრებში დებიუტი 2010 წელს, 19 წლის ასაკში ჰქონდა და 10 წლის თავზე საკუთარი ქვეყნისთვის ტიტულისა და ზეიმის მოტანის შანსი ეძლევა.

კალენდარი

ბელგია - რუსეთი, 12 ივნისი, კრესტოვსკი არენა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 23:00 საათი დანია - რუსეთი, 16 ივნისი, პარკენ არენა, კოპენჰაგენი, დანია 20:00 საათი ფინეთი - ბელგია, 21 ივნისი, კრესტოვსკი არენა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 23:00

ბრიუსელი - ბელგიის დედაქალაქი

14 Top-Rated Tourist Attractions & Things to Do in Brussels | PlanetWare
Where To Visit in Brussels To Understand the EU
 
Where to Stay in Brussels: 9 Best Areas | The Nomadvisor

მეფე ბოდუენის სტადიონი - ბრიუსელი 

King Baudouin Stadium - Brussels, Belgium | Football Tripper
Renovating King Baudouin Stadium as expensive as starting again - l'Européenne de Bruxelles

სხვა სტატიები