ევერტონისთვის ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერთან გამარჯვება ისტორიული გამოდგა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ არენაზე ევერტონთან 0:1 დამარცხდა. მატჩი გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ სტუმრების რიგებიდან მე-13 წუთზე იდრისა გეიე გააძევეს, ამ შემთხვევიდან მალევე, 29-ე წუთზე კაცნაკლული ევერტონი დაწინაურდა და ეს გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ევერტონი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი სტუმარი გუნდი გახდა, რომელმაც მოედნიდან ერთი მოთამაშის გაძევების შემდეგ ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა. ასევე ისტორიული მატჩი გამოდგა დევიდ მოიესისთვის, მან წითელი ეშმაკები თავიანთ მოედანზე პირველად დაამარცხა, შოტლანდიელ სპეციალისტს ამისთვის 18 ცდა დასჭირდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მარცხით მანჩესტერ იუნაიტედის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, წითელ ეშმაკებს 18 ქულა აქვთ და მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან (5 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანჩესტერელთა მსგავსად ევერტონსაც იდენტური მაჩვენებელი აქვს - მე-11 ადგილი და 18 ქულა (5 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი).