Belive

EURO 2024 | "ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და კარგი მზადყოფნის შედეგი" - ლევან კობიაშვილი

10 საათის წინ ფეხბურთი
9 წთ

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი იყო არამარტო პროფესიონალურ კარიერაზე, არამედ ეროვნული ნაკრების ბოლო დროს მიღწეულ წარმატებაზე.

UEFA: როგორ შეაფასებთ 2025 წელს ქართული ფეხბურთისთვის?

ლევან კობიაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან ევრო 2024-ში მონაწილეობის შემდეგ, ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ. ეროვნული გუნდისთვის ეს წელი განსხვავებულად წარიმართა - სომხეთთან პლეი-ოფში გამარჯვებით, ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენა მოვახერხეთ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმოუდგენლად რთულ ჯგუფში მოვხვდით, რადგან ჩვენი მეტოქეები ესპანეთი და თურქეთი იყვნენ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლები ვიყავით და მეორედ გავედით 2026 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა.

UEFA: რა იდგა ევრო 2024-ზე გასვლის უკან?

ლევან კობიაშვილი: ჩემთვის ერთი რამ ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და კარგი მზადყოფნის შედეგი, აქ ჩართული იყო ყველა - ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული. ყველას ერთად მუშაობამ შედეგი გამოიღო და მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება. ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა ამის გასაკეთებლად, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ასევე დაგვეხმარა ის, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავდა - ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიც არიან: კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა წამყვანი მოთამაშეები, მაგრამ, როგორც ხშირად გვინახავს, ​​მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის, ყველა, მთელი საქართველო ერთად უნდა იდგეს და შეასრულოს თავისი სამუშაო. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს მხოლოდ იღბალი არ იყო, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

საქართველოში ყველა ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებდა ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ. ჩვენ დავამარცხეთ პორტუგალია და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთი ვლიდერობდით, ეს საოცარი შეგრძნება იყო. ახლა სამომავლო ტურნირებზე ვფიქრობთ და გვინდა იქ გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევრო 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა.

UEFA: რამდენად მნიშვნელოვანი იყო უეფას ერთა ლიგა ეროვნული ნაკრების განვითარებისთვის?

ლევან კობიაშვილი: ერთა ლიგა ფანტასტიკური იდეა და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაგვეხმარა. მახსოვს თავდაპირველად როგორც დაიწყო ყველაფერი, თავიდან საქართველო D ლიგაში იყო, ახლა კი B-ში ვთამაშობთ, ეს უკვე დიდი ნაბიჯია და ჩვენ გვსიამოვნებს უფრო ძლიერ გუნდებთან და ხარისხიან მეტოქეებთან დაპირისპირება.

მეორეს მხრივ, ყოველთვის არის ზეწოლა, რადგან ხალხს პროგრესი სურს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ A ლიგაში მოვხვდეთ - და რატომაც არა? მაგრამ ასევე იყო რისკი, რომ C ლიგაში დავქვეითებულიყავით, აქ მთავარი იყო სომხეთის დამარცხება, რადგან B ლიგაში ადგილი შეგვენარჩუნებინა.

თებერვალში დაგეგმილია ერთა ლიგის მომდევნო კენჭისყრა, ეს ჩვენთვის იღბლიანი შეჯიბრია, რადგან როგორც უკვე ვთქვი ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი მოგვცა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობისაა.

UEFA: რამ გადაგაწყვეტინათ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულებით წასვლა და არა მწვრთნელობა?

ლევან კობიაშვილი: მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი და სწორედ ეს მოხდა 2015 წელს. თუ წარსულს გადავხედავთ, FIFA-ს რეიტინგში დაახლოებით 156-ე ადგილზე ვიყავით - ეს ქართული ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის გამოცდილების გაზიარება და დახმარება, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგვეძლო სიტუაციის გაუმჯობესება.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ მწვრთნელობის გზას არ დავადგებოდი, არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო, მაგრამ ლიცენზია მოვიპოვე, რადგან მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოფიციალურმა პირებმა გაიგონ, როგორ მუშაობს მწვრთნელობა და რას მოიცავს ეს სამუშაო.

ფეხბურთის მენეჯმენტი შევისწავლე და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ოფიციალური პირის როლი ძალიან შემეფერებოდა. პრეზიდენტად 10 წლის მუშაობის შემდეგ, ბედნიერი ვარ, რომ ფედერაციაში ერთად ამდენ მიზანს მივაღწიეთ.

UEFA: რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი ფეხბურთელები მსგავს პოზიციაზე გადავიდნენ სამუშაოდ და უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი?

ლევან კობიაშვილი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფედერაციას და ქვეყანას თავისი მიზნები და იდეები აქვს, მაგრამ მე მჯერა, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ ყოფილმა მოთამაშეებმა მნიშვნელოვანი როლი მოირგონ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ყოფილი ეროვნული ნაკრების მოთამაშის, თქვენ იცით, რა სიტუაცია იყო მაშინ, რა იყო კარგი, რა ცუდი და გესმით რას ფიქრობენ მოთამაშეები, რომლის მიხვედრაც მარტივი არ არის.

მე ასევე ვმუშაობ უეფას ეროვნული ნაკრების შეჯიბრებებსა და საფეხბურთო კომიტეტებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ უკეთესი მომავლისთვის და კარგია, რომ ყოფილ მოთამაშეებთან ერთად მიწევს მუშაობა.

ყველა ყოფილი მოთამაშე ლიდერის როლში არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ერთ სივრცეში ამხელა გამოცდილებაა, ეს ნამდვილად გვეხმარება მეტი იდეის გაჩენაში, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. მე დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებთან ერთად ერთ ოთახში ჯდომას და ფეხბურთზე საუბარს, ეს ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, რომ წვლილი შევიტანე ევროპული ფეხბურთის კიდევ უფრო გაძლიერებაში.

UEFA: ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ, რომელი მიღწევით ამაყობთ ყველაზე მეტად?

ლევან კობიაშვილი: როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები თუ რამდენად რთული იყო ეს ჩვენთვის. პირველი ორი ან სამი წელი ძალიან რთული გამოდგა.

თუ ყველაზე განსაკუთრებულ მომენტზე მკითხავთ, ეს იყო საბერძნეთთან პლეი-ოფის მატჩი, როდესაც საბოლოოდ ევრო 2024-ზე გავედით. ეს არასდროს დამავიწყდება და არა მგონია, რომელიმე ქართველმა დაივიწყოს ეს დღე. ახლაც კი, იმ ემოციურ მატჩზე და მის შემდეგ თბილისში მომხდარზე ფიქრისას ჟრუანტელი მივლის. ეს სურათები არასდროს გამივლის თავიდან. ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. ახლა მთავარია ხვალინდელი დღე და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გრძნობები ხელახლა განვიცადოთ.

UEFA: UEFA-ს Grow პროგრამა ასევე მონაწილეობდა თქვენი 2022–2026 წლების სტრატეგიის შექმნაში. როგორ მუშაობს ფედერაცია ახლა ამ სტრატეგიის შესაბამისად?

ლევან კობიაშვილი: ძალიან ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ოფიციალურად აქვს სტრატეგია. ეს გვეხმარება გავიგოთ, რა გველოდება წინ, რა ამოცანები გვაქვს და რომელი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ჩვენს შემდეგ სტრატეგიაზე, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზე ავიდა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ერთ-ერთი სფერო, სადაც რეალურ საჭიროებას ვხედავ, არის ჩვენი შიდა ლიგა - ჩვენ კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ ამის გასაუმჯობესებლად, ჯერჯერობით, ამჟამინდელი სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს.