Belive

ესტევაო ჩელსიში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

„არსენალთან“ მარცხის მიუხედავად, „ჩელსის“ ახალ სეზონში საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა. ამის პარალელურად „სტემფორდ ბრიჯზე“ ყველაფერი მშვიდად არ არის. ESPN Brasil-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავი ესტევაო გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოს ხელმძღვანელობით თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

ბრაზილიელმა გასულ სეზონში „ჩელსის“ მაისურით საკმაოდ კარგი სადებიუტო შეხვედრები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტურნირზე მხოლოდ 18 შეხვედრაში დაიწყო თამაში სასტარტო შემადგენლობაში, ესტევაომ ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელის პირველ სეზონს ტრავმებიც ახლდა, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწია.

ახალ სეზონში კი მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არც ისე სახარბიელოა. ესტევაომ პრემიერ ლიგის პირველ ორ მატჩში ჯამში მხოლოდ შვიდი წუთი ითამაშა. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ლიგის თასზე „ლუტონ თაუნის“ წინააღმდეგ იყო. ბრაზილიელმა ამ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა - მისი მოქმედების შემდეგ მეტოქემ ავტოგოლი გაიტანა, რითაც „ჩელსიმ“ მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.

„ჩელსიმ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი ფუნტი დახარჯა და გუნდი ათი ახალი ფეხბურთელით გააძლიერა.

საინტერესოა, რომ ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პედრო ნეტო ფლანგის მცველის პოზიციაზე გადაიყვანა. თუმცა ესტევაოს ამ როლში თამაში არ სურს და შეტევაში თამაში ურჩევნია.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, გავრცელებული ინფორმაციით, ესტევაო „ჩელსის“ დატოვებას ამ ეტაპზე არ ითხოვს. ფეხბურთელს კლუბი მოსწონს და ლონდონში დარჩენა სურს. თუმცა, თუ სათამაშო დროის პრობლემა გაგრძელდება, ახალგაზრდა ვარსკვლავმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყოს. „ჩელსისთვის“ ეს განსაკუთრებით არასასურველი სცენარი იქნება, რადგან კლუბს უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება.

სხვა სტატიები