Belive

"ეს უდიდესი გამარჯვებაა" - დეკლან რაისი ესპანეთთან მატჩის შემდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ნახევარმცველი, დეკლან რაისი ამტკიცებს, რომ ეროვნული გუნდის გამარჯვებაში ყოველთვის დარწმუნებული იყო. მადრიდში, ინგლისელებმა, 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 3:2 დაამარცხეს. ტუხელის გუნდმა, "მეტროპოლიტანოზე" ელიოტ ანდერსონის გაძევების შემდეგაც შეინარჩუნა უპირატესობა. ინგლისის ამ გამარჯვებით, ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, თავი ეზრი კონსამ და ბენ უაითმაც გამოიჩინეს და საკუთარი ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდეს. კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, ინგლისელებს ნერვიულობა მაინც მოუწიათ. ელიოტ ანდერსონმა საკუთარ საჯარიმოში ლამინ იამალის წინააღმდეგ წესები დაარღვია, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა და ინგლისი ათი კაცით დარჩა. თერთმეტმეტრიანი მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა. მოგვიანებით იამალმა ნიკო უილიამსს საგოლე გადაცემაც გაუკეთა და ესპანეთმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხა" დარჩენილ წუთებში მეტოქეს აქტიურად უტევდა, ჯეიმს ტრაფორდმა რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა და საკუთრ ნაკრებს უპირატესობა შეუნარჩუნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეკლან რაისმა ITV Sport-თან ისაუბრა.

ვიცოდით, რომ მათ დავამარცხებდით. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, მწვრთნელისგან მიღებული გზავნილები ძალიან პოზიტიური იყო. პირველი ათი წუთი ჩვენი საუკეთესო მონაკვეთი იყო. ნახევარი საათის განმავლობაში, ათი კაცით ვითამაშეთ და 43 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი გუნდი 3:2 დავამარცხეთ. ეს უდიდესი მიღწევაა. - დეკლან რაისი

ამ გამარჯვებით, "სამმა ლომმა" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში, ყველა ტურნირზე, ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო. ეს პირველი შემთხვევაა ინგლისის ნაკრების ისტორიაში, როდესაც გუნდმა გასვლით შეხვედრებში ზედიზედ ათჯერ გაიმარჯვა. ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

სხვა სტატიები