,,ეს საღამო კვარაცხელიასთვის მკაფიო გზავნილია, პსჟ-ში კონკურენცია გამძაფრდა'' - Foot Mercato
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა სლოვან ბრატისლავა 6:1 დაამარცხა.
პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, როტაციას მიმართა და გუნდის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას Foot Mercato ეხმაურება. აი, რას წერს ფრანგული ვებგვერდი:
,,ლუის ენრიკემ სიურპრიზი შემოგვთავაზა, როდესაც სლოვან ბრატისლავასთან მატჩში დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა. კიდევ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ ლუის ენრიკემ მათი მოედანზე შეყვანა საჭიროდ არ ჩათვალა იმ დროსაც კი, როდესაც მატჩის ბედი უკვე სრულიად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ქართველსაც და ფრანგსაც რიტმის აღდგენა ნამდვილად სჭირდებათ.
ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად ბადებს კითხვებს, როდესაც იცი, თუ რა წონა შეიძინეს დუემ და კვარაცხელიამ პარიზულ პროექტში და რაოდენ დიდია მათ მიერ შეტანილი წვლილი ბოლო ორ ევროპულ ტრიუმფში. ეს გადაწყვეტილება მით უფრო უჩვეულოა იმის ფონზე, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, დუესა და კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მთელი შეხვედრის სათადარიგოთა სკამზე გატარება უკიდურესად იშვიათ მოვლენად ითვლება.
თუმცა, ლუის ენრიკე ამ გადაწყვეტილებას სრულად იაზრებს და, როგორც ჩანს, შემადგენლობის სიღრმის გამოყენებას გეგმავს, რათა ყველას მოტივაცია შეინარჩუნოს და განსაკუთრებით დატვირთულ სეზონში ზოგიერთი წამყვანი მოთამაშე დასვენებული იყოს.
პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ ეს ნაბიჯი ასე განმარტა: „შემადგენლობას მხოლოდ ერთი ადამიანი ირჩევს. ვცდილობდი ამ მატჩისთვის საუკეთესო მოთამაშეები შემერჩია, თუმცა კვარა და დუე წარმოუდგენლები არიან. კვარას შეუძლია ოქროს ბურთი მოიგოს. ისევე, როგორც დემბელეს, ვიტინიასა და ფაბიანს. ჩემთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგია იმის ნახვა, რომ გვყავს ამდენი ფეხბურთელი, რომელთაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ.''
იმ ფონზე, როდესაც ფერან ტორესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, დემბელემ თავისი გავლენა დაიბრუნა, აკლიუშმა შანსი გამოიყენა, ხოლო დრო ფერნანდესმა თავი წარმოაჩინა, ესპანელ სპეციალისტს შეტევაში ახალი არჩევანი გაუჩნდა და შეუძლია თავს უფლება მისცეს, თავის ორ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა, ეს საღამო მკაფიო გზავნილიცაა დუესა და კვარაცხელიასთვის - პსჟ-ში კონკურენცია გამძაფრდა და ბოლო ორი სეზონის მთავარ ფიგურებსაც კი ყოველ მატჩში გარანტირებული ადგილი აღარ აქვთ. - Foot Mercato
პარი სენ ჟერმენი მომავალ შეხვედრას კვირას, 13 სექტემბერს, ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, ლუის ენრიკეს გუნდი 14 ოქტომბერს მანჩესტერ სიტის ესტუმრება.