ქართველებით დაკომპლექტებული "ანორთოსისი" კვიპროსის თასის ფინალში გავიდა.
ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც თემურ ქეცბაიამ ყოფილი კლუბი, ნიქოზიის "აპოელი" - ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში - 3:1, ორი მატჩის ჯამში კი - 4:1 დაამარცხა.
21 აპრილს გამართულ მატჩში "ანორთოსისის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ მოედანი 64-ე წუთზე დატოვა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, ის ფამაგუსტური კლუბის განაცხადში დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა.
ფინალურ მატჩში ქართველების გუნდი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა მაისს გაიმართება და მასში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდი 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის გარდა, უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურსაც მოიპოვებს, რისი შანსიც ჩემპიონატიდან უკვე დაკარგული აქვს.
თემურ ქეცბაია ფამაგუსტურ კლუბში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს 56 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 29 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 15-ში დამარცხდა. 53 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “ანორთოსისში” შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ, გიორგი ლორიამ (მეკაერეები), მურთაზ დაუშვილმა, ჯანო ანანიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა (ნახევარმცველები), ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ (თავდამსხმელები) ითამაშა. მიმდინარე სეზონში გუნდის ორი საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, 15 და 9 გოლით არიან.