ეროვნული ნაკრების განაცხადს საბა გოგლიჩიძე დაემატა
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური "ემპოლის" და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.
20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, "ბოლონიასთან" შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრანთან ერთად, გოგლიჩიძე სექტემბრის შეკრებაზე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.