ზურიკო დავითაშვილი: ,,ხანგრძლივი პაუზა იყო და ერთმანეთი მოგვენატრა''
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრები ერევანში 19 მარტს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.
შეკრების მეორე ვარჯიშის შემდეგ, სომხეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა, ზურიკო დავითაშვილმა და ლუკა ლაცაბიძემ ისაუბრეს:
ზურიკო დავითაშვილი: ,,ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.
ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.კარგ ფომრაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ".
ლუკა ლაცაბიძე: ,,ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა". -
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
nakrebi.ge