Belive

ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

3 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი "დინამო თბილისის" ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. "ლურჯ-თეთრებს" რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
No description available.
ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა "დინამო ბათუმმა". პანდემიის პირობებში ჩატარებულ სეზონში არც აჭარლებს ულხინდათ, გუნდმა მთავარი ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი რუსეთში გაუშვა და დედაქალაქელ მოსახელე გუნდთან წინააღმდეგობის ბოლომდე გაწევა ვეღარ მოახერხა. თუმცა, გეგუჩაძის გუნდს სხვა ყველაფერთან ერთად, უკვე ახალი სტადიონიც აქვს და სამომავლო პერსქპექტივაში, ამ კლუბისგან ბევრს უნდა ველოდოთ.
No description available.
სეზონის ალბათ მთავარი სენსაცია სწორედ მესამეადგილოსანი გორის "დილაა". გუნდი, რომელსაც არც განსაკუთრებული ფინანსები ჰქონია და არც შემადგენლობის როტაციის ფართო რესურსი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ვეტერანმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ თავისი სიტყვა ახალ ამპლუაში, მთავარი მწვრთნელის რანგშიც თქვა და გუნდი 4-წლიანი პაუზის შემდეგ ევროსარბიელზე დააბრუნა.
No description available.
ერთადერთი ქართული გუნდი, რომელმაც 2020 წელს გულშემატკივარში განსაკუთრებული სიხარული და პოზიტივი დატოვა. თბილისის "ლოკომოტივმა" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სენსაციურად ჯერ რუმინული "კრაიოვა", მერე კი პრინციპული მეტოქე - მოსკოვის "დინამო" დაამარცხა და მესამე რაუნდს უწია, სადაც ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ "გრანადას" ღირსეული მეტოქეობა გაუწია. მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა, "რკინიგზელებმა" სამეულში შესვლა ვერ შეძლეს. გუნდმა სეზონში სამი მწვრთნელი გამოიცვალა და პანდემიასთან ფინანსურად თუ ადამიანურად გამკლავებაც მოუწია. მიუხედავად ევროზონის მიღმა დარჩენისა, "ლოკომოტივს" ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცი ყავს და მასთან ერთად დიდი პროექტი აქვს, რის გამოც დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ გუნდისგან, შემდეგ სეზონებში, შინ თუ გარეთ გაცილებით მაღალ შედეგებს უნდა ველოდეთ.
No description available.
ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართულმა გუნდმა წარმატებას მიგვაჩვია და უტიტულოდა და ევროსაგზურის გარეშე დარჩენა "საბურთალოსგან" ნამდვილად მოულოდნელობა აღმოჩნდა. თუმცა თბილისელებიც იმ გუნდთა რიგში არიან, რომელთაც ჯერ სეზონის სტარტამდე, მერე კი შუა გათამაშებაში მწვრთნელი შეიცვალეს. ტრავმებმა მათ რამდენიმე ლიდერი წაართვა და იყო მომენტიც, როცა ლევან კორღალიძეს სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 3 ფეხბურთელი ეჯდა. საბოლოოდ, "საბურთალომ" მეხუთე ადგილი დაიკავა და რეაბილიტაციას 2021 წლიდან შეეცდება.
No description available.
ცხრილში მეექვსე პოზიციაზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც ქართული ფეხბურთის ყველა ობიექტურ ქომაგს თავი შეაყვარა. "თელავი" სულ რაღაც 4 წლის წინ დაარსდა, ყველა საჭირო ლიგა ჩავარდნის გარეშე გადალახა და უძლიერესთა შორისაც ტოლი არავის დაუდო. რევაზ გოცირიძეს მებრძოლი გუნდის ღირსეულ გამოსვლას ისიც ადასტურებს, რომ სადებიუტო სეზონში ეროვნულ ლიგაში მათ ყველაზე მეტი - 12 ფრე ითამაშეს და პირველ-მეორე პოზიციის დამკავებელ "დინამოებთან" ერთად ყველაზე ცოტა - 2 შეხვედრა წააგეს. სიმპატიურმა გუნდმა, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს ნაწილში ფეხბურთი და მასთან ერთად, ტრიბუნაზე ქომაგი დააბრუნა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო ათ გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნა, გაისად კი ამ გუნდს მომატების პოტენციალი ნამდვილად ექნება.
No description available.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი ეროვნულ ლიგას ამ სეზონში დაუბრუნდა და თავდაპირველად კახა კაჭარავასთან, მერე კი გიორგი მიქაძესთან ერთად, ადგილის შენარჩუნებას შეეცადა. "სამტრედიამ" ამ მისიას თავი დამაჯერებლად გაართვა და უშუალო კონკურენტ ქუთაისის "ტორპედოს" 2 ქულით გაასწრო, რითაც გასავარდნ ზონას თავი აარიდა.
No description available.
ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მძიმე მდგომარეობაშია. იყო ფინანსური პრობლემებიც, რომელმაც ქუთაისის "ტორპედო" 2019 წლის სეზონშიც გატანჯა და საბოლოოდ იმერლები გადათამაშებაში მოხვდნენ, სადაც ქვეყნის თასის მოქმედ გამარჯვებულ "გაგრას" შეხვდებიან. შესაძლოა, ეროვნულ ლიგაში შემდეგი სეზონი ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონისა და ისტორიული გუნდის გარეშე დაიწყოს.
No description available.
ბოლო ათწლეულში საჩხერის "ჩიხურა" ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სოსო ფრუიძის 12-წლიანი მუშაობის პერიოდში გუნდი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული და სამჯერ დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალისტი გახდა. ქართული ფეხბურთის ქომაგი თითქმის ვერცერთ შემთხვევას გაიხსენებს, როცა იმერული კლუბი საერთაშორისო სარბიელზე უღირსი შედეგით გამოვიდა და შინ შერცხვენილი დაბრუნდა. თუმცა, გამოცდილი სპეციალისტის წასვლიდან პირველსავე სეზონში, "ჩიხურამ" გამოსვლა ბოლოსწინა პოზიციაზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად წყალტუბოს "სამგურალთან" შერკინება მოუწევს.
No description available.
სეზონის ყველაზე სუსტი გუნდი თბილისის "მერანი" აღმოჩნდა. გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ვერცერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა 6-ჯერ ფრე ითამაშა, მათ შორის ორჯერ "საბურთალოსთან", "დინამო ბათუმთან" და "ლოკომოტივთან". შემდეგი სეზონიდან "მერანი" გამოსვლას ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს და უძლიერესთა შორის დაბრუნებას შეეცდება.
No description available.

2020 წლის სეზონის საბოლოო სატურნირო ცხრილი

რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შედეგებს, ბომბარდირთა დავაში საუკეთესო მიკოლა კოვტალიუკი აღმოჩნდა. გორის "დილას" თავდამსხმელმა 18-ტურიან გათამაშებაში 10 გოლის გატანა მოახერხა. უკრაინელ ლეგიონერს ერთი ბურთით ჩამორჩა "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე, ბათუმური და თბილისური "დინამოების" ნახევარმცველებმა, შესაბამისად ჯაბა ჯიღაურმა და ნოდარ ქავთარაძემ კი მეტოქის კარი რვა-რვაჯერ დალაშქრეს. რაც შეეხება საუკეთესო ასისტენტებს, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა თბილისის "ლოკომოტივის" ნიჭიერი ახალგაზრდის ბექა დარცმელიას აქტივშია (6). ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს თანაგუნდელები თორნიკე კირკიტაძე და ირაკლი სიხარულიძე 2-2 პასით ჩამორჩებიან, 4 საგოლე გადაცემაა "ჩიხურას" მცველის ოთარ ჯავაშვილის სახელზეც.

2020 წლის სეზონის ფეხბურთელთა ინდივიდუალური სტატისტიკა

2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და სხვადასხვა ნომინაციებში რჩეულებსაც წარმოგიდგენთ.

სიმბოლური გუნდი

მეკარე: როინ კვასხვაძე ("დინამო თბილისი"). მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე ("თელავი"), საიმონ ბენიო, დავით კობოური ("დინამო თბილისი"), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"). ნახევარცველები: ნოდარ ქავთარაძე ("დინამო თბილისი"), ბექა დარცმელია (თბილისის "ლოკომოტივი"), ჯაბა ჯიღაური ("დინამო ბათუმი"). თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე (თბილისის "ლოკომოტივი"), მიკოლა კოვტალიუკი (გორის "დილა"), გიორგი ფანცულაია (ქუთასისის "ტორპედო"). მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე (გორის "დილა").
შენიშვნა: ტექნიკური მიზეზების გამო, Live.ge-ს ეროვნული ლიგის I და II ტურების სიმბოლური გუნდი არ გამოუქვეყნებია, ხოლო მოთამაშეთა გასწვრივ დასმული ციფრი, აღნიშნავს III-XVIII ტურების სიმბოლურ გუნდებში მათი მოხვედრის რაოდენობას. საუკეთესო მეკარე: როინ კვასხვაძე - "დინამო თბილისი" საქართველოს ნაკრების გამოცდილმა გოლკიპერმა 2020 წლიდან ახალი ქართული კლუბის მაისური მოირგო და უკვე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება უკვე მესამე გუნდში მოახერხა. კვასხვაძე მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურობით გამოირჩეოდა. საერთო ჯამში, 31 წლის გოლკიპერს სეზონის განმავლობაში 1 წუთიც კი არ დაუსვენია და 18-დან 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, ეს მის კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კვასხვაძემ 2020 წლის სეზონში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, რაც საუკეთესო შედეგია.
No description available.
საუკეთესო მცველი: დავით კობოური - "დინამო თბილისი" ის, რომ "დინამო თბილისი" ქვეყნის ჩემპიონი გახდა, შეტევაზე მეტად, უკანა ხაზის სიძლიერის დამსახურებაა. მეკარის და მცველების დამაჯერებელი მოქმედების შედეგად, "დინამომ" მხოლოდ 9 გოლი მიიღო და აქედან 3 თერთმეტმეტრიანით. ამაში საიმონ ბენიოსა და დავით კობოურის წვლილი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, რომელმაც როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე დამაჯერებლად ითამაშა, ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
No description available.
საუკეთესო ნახევარმცველი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯაბა ჯიღაური  - "დინამო ბათუმი" საქართველოს ნაკრების წევრმა ეროვნულ ლიგაში დომინანტური სეზონი აჩვენა. "დინამო ბათუმის" მიერ მეორე პოზიციის დაკავებასა და ვიცე-ჩემპიონის წოდების მოპოვებაში უდიდესი წვლილი სწორედ 28 წლის ნახევარმცველს მიუძღვის. მას მერე, რაც აჭარული კლუბი გუნდის ბრაზილიელმა ლიდერმა ჯოვინო ფლამარიონმა დატოვა, ჯიღაურმა ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო და გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი ქულა პირადად მოუტანა. მის აქტივში დასრულებულ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
No description available.
საუკეთესო თავდამსხმელი: მიკოლა კოვტალიუკი  - გორის "დილა" უკრაინელმა ამ სეზონით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია. მძიმე ფორვარდის მონაცემების მქონე თავდამსხმელმა 16 მატჩში მეტოქის კარი 10-ჯერ აიღო, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სეზონში დაგროვილი 30 ქულიდან 19, გორის "დილამ" უშუალოდ 25 წლის ცენტრ-ფორვარდის გოლების მეშვეობით მოიპოვა.
საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე - გორის "დილა" როგორც ზევით აღვნიშნეთ, სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის შემოქმედი სწორედ "დილა" და შესაბამისად გიორგი ნემსაძეა. მისი გუნდი სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. შეუიარაღებელი თვალითაც კი მარტივად შესამჩნევია, რომ ამ გუნდის თამაშში ზედმეტი და გაუაზრებელი, წინასწარ განუზრახავი პასი იშვიათად კეთდება. "დილა" არ თამაშობს სუპერ-დომინანტურ ფეხბურთს, მათი სათამაშო ფილოსოფია ბურთის კოლოსალურ კონტროლზე და მეტოქისთვის თავზე მოხვევაზე არაა დაფუძნებული, თუმცა არც 90 წუთის განმავლობაში სრული შემადგენლობით თავის დაცვაზე ფიქრობენ. თამაშის მიმდინარეობისას იკითხება, რომ ფეხბურთელები მწვრთნელის დავალებებს მეტოქის ძალებიდან გამომდინარე ასრულებენ და თამაშობენ ისე, როგორც შედეგის მისაღწევად მოქმედება აუცილებელია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნემსაძეს ფართო სათადარიგოთა სკამის ფუფუნება სეზონის განმავლობაში არ ჰქონია და იყო მომენტები, როცა რეზერვში 3 ან 4 ფეხბურთელი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, თუნდაც მოქმედ და ექს-ჩემპიონ, შესაბამისად "დინამო თბილისთან" და "საბურთალოსთან" "დილა" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, თუმცა თამაშის შემოტრიალებას და ქულების მოპოვებას ახერხებდა. საბოლოო ჯამში, გიორგი ნემსაძის თავკაცობით "დილამ" 18-დან 8 შეხვედრა მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 4-ში დამარცხდა და 4-წლიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ტურნირების საგზური მოიპოვა.
პაუზებით დახუნძლული და პანდემიისგან სახეცვლილი საქართველოს ჩემპიონატის მორიგი გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. მალე ის ათივე გუნდი გვეცოდინება, რომელიც 2021 წლიდან უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. რომ მომავალი წლიდან ქართულ კლუბებს ახალი ტურნირი ელით - სამი ქართული გუნდი ევროპის ლიგის ნაცვლად, გამოსვლას უეფას კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს. იმედი გვაქვს, ქართული გუნდები ამ ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდებიან და გულშემატკივარს არამხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო წარმატებებით გაახარებენ. ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი   ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები