ნიდერლანდელი მწვრთნელის სტარტი პრემიერლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. გუშინდელ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონთან" 1:2 დამარცხდა. "თოლიების" მხრიდან გამორჩეული პასკალ გროსი იყო, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. "წითელმა ეშმაკებმა" ერთი ბურთის გაქვითვა მაკალისტერის ავტო გოლით შეძლეს. აღნიშნული შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მატჩის 53-ე წუთზე ის მოედანზე ფრედის ნაცვლად შევიდა, თუმცა, გუნდისთვის სახარბიელო ვერაფერი შემოგვთავაზა. შეხვედრის განმავლობაში სტუმარი გუნდის გულშემატკივრები ერიკ ტენ ჰაგის მიმართ დამცინავ ფრაზას სკანდირებდნენ: „დილით გათავისუფლდები.“
იმის ფონზე, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი ძირითადში ვერ მოხვდა, ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დანიელი კრისტიან ერიკსენი მოსინჯა, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არ გაამართლა. ეს ყველაფერი კარგი არგუმენტი იქნება ტენ ჰაგისთვის, რომ გუნდის თავკაცებს, თავდამსხმელისთვის თანხის გამოყოფა სთხოვოს.
საშინლად გამოიყურებოდა დაცვაც, რომლის ვერცერთმა წევრმა ვერ შეძლო 6-ზე მაღალი შეფასების მიღება. დალოსა და მაგუაიერს შორის შეუთანხმებლობა აშკარაა. მარტინესს, როგორც ჩანს, ჯერ ინგლისური ფეხბურთისთვის ალღო არ აუღია. არც ლუკ შოუს პერფორმანსი აღმოჩნდა კარგი, რადგან 10-დან მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურა. ოთხივე ნახევარმცველი, ვინც მოედანზე ტენ ჰაგს ჰყავდა გამოყვანილი, საერთო სურათიდან ამოვარდნილი იყო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შეტევის ხაზიც ძალიან ცუდად გამოიყურებდა. გასაკვირია, იმ თამაშის ფონზე, რაც სანჩომ აჩვენა, რომ ინგლისელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ვერც გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო მოწოდების სიმაღლეზე. კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვებით, ნიდერლადელმა მწვრთნელმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ისიც აშკარაა, რომ მწვრთნელმა შეცვლების გაკეთება დააგვიანა. მან 90-ე წუთზე სამი ფეხბურთელი ჩართო თამაშში.
შემდეგი შეხვედრა "მანჩესტერს" ლონდონში "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ელის. საინტერესოა, რა შედეგს დააფიქსირებენ "წითელი ეშმაკები" ამ შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ "ფუტკრებმა" წინა შეხვედრაში "ლესტერს" ორ ბურთიანი უპირატესობა აღმოუფხვრეს და თითქმის წაგებულ თამაშში ქულა აიღეს.