Belive

ემპოლის მწვრთნელი: "გოგლიჩიძესთან საუბარი ძნელია, თუმცა ნამდვილი პროფესიონალია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველმა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ, ახალი იტალიური სეზონი პოზიტიურად დაიწყო. ახალგაზრდა ქართველმა თავი "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა და როგორც წესი, მაღალ შეფასებებს იმსახურებს. გამონაკლისი "ინტერთან" ჩატარებული შეხვედრა იყო, სადაც საბამ უხეშობის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. იტალიურ მედიაში ემპოლის მწვრთნელის, რობერტო დ'ავერსას კომენტარი ვრცელდება, სადაც ის საბა გოგლიჩიძის შესახებ საუბრობს.

ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ამის ნათელი დასტური საბა გოგლიჩიძეა. ინტერთან გაძევების შემდეგ ის მინდვრიდან განადგურებული გამოვიდა, თავზე მაისური ჰქონდა გადაფარებული და ყველამ დაინახა მისი იმედგაცრუება. მე ძალიან გავბრაზდებოდი, მას წითელი სულელურ სიტუაციაში და ჩვენი პრინციპების უგულებელყოფით რომ მიეღო.

როცა მე მოვედი, მას ვარჯიშის ტემპთან აყოლა უჭირდა, თამაშიც კი არ ჰქონდა ჩატარებული. იტალიური არ ესმის და ინგლისურიც უჭირს, ძალიან ძნელია მასთან ურთიერთობა, თუმცა უზომოდ ბევრს შრომობს. გაძევების შემდეგ მე მას უბრალოდ ის ვუთხარი, რომ VAR-ის ეპოქაში შედარებით ფრთხილად უნდა იყოს. ნამდვილი პროფესიანალია და ეს ისაა, რაც ჩემი გუნდისთვის მჭირდება - განაცხადა რობერტო დ'ავერსამ

ინტერთან მიღებული წითლის შემდეგ, საბამ ერთი თამაში გამოტოვა და მოედანს "ლეჩესთან" (1:1) ჩატარებულ შეხვედრაში დაუბრუნდა, თუმცა ტრავმა მიიღო და მინდვრის იძულებით დატოვება მოუხდა. გოგლიჩიძე გამოძახებული იყო ერთა ლიგის 2 უკანასკნელ თამაშშიც, თუმცა სწორედ ლეჩესთან მიღებული ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა.

სხვა სტატიები