ემოციების ზღვა და დასანანი მარცხი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის შედგა. ქალაქ ჟილინაში, C ჯგუფის მეორე ტურში ნომინალური მასპინძლის სტატუსით ფრანგები სარგებლობდნენ. შეხვედრაში, რომელშიც მოვლენები სწრაფად იცვლებოდა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც საფრანგეთს დარჩა (3:2).
შეიძლება ითქვას, რომ თამაშის 75 წუთი არ ტოვებდა განცდას, რომ ასეთ დაძაბულ და დრამატულ ფინალთან გვექნებოდა საქმე. საფრანგეთი 35-ე წუთზე პენალტით დაწინაურდა და აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა. ის, რომ ჩვენი გუნდი მინიმალურ სხვაობას ინარჩუნებდა, საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა ხარატიშვილის დამსახურება იყო. უამრავი მომენტის მიუხედავად, ფრანგებმა დამამშვიდებელი გოლი ვერ გაიტანეს, საპირისპიროდ კი 76-ზე გიორგი აბუაშვილისგან მიიღეს, ეს სულ რაღაც მეორე დარტყმა იყო, რომელიც ქართველებმა მეტოქის კარისკენ გაუშვეს. აღმაფრენა მაშინ დაიწყო, როცა ზუსტად 8 წუთში საბბა საზონოვმა საქართველო წინ გაიყვანა - მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, მოგებით კი ჩვენი ნაკრები პლეი ოფის საგზურს ინაღდებდა.
აქედან კიდევ ერთი დრამა დაიწყო - 89-ე წუთზე საფრანგეთმა გაათანაბრა, 92-ეზე კი წინ გასვლაც მოახერხეს, თუმცა მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ახლა უკვე ფრეც არ იყო ცუდი შედეგი ჩვენი გუნდი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. არბიტრმა 6 წუთი დაამატა, თუმცა უამრავი პაუზის გამო თამაშმა 100 წუთს გადააჭარბა და ფრანგებმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს, ეს 102-ე წუთზე მოხდა.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით ჯგუფის მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში პორტუგალიასთან მოგება სჭირდება.