Belive

"ძალიან რთული მეტოქე გვყავს და შევეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ" - არტურ სერობიანი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებში სომხეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა 20 მარტს ერევანში, ხოლო 23-ში თბილისში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

მატჩამდე სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მატჩისთვის ემზადებიან და მედიასთან კომენტარიც გააკეთეს:

მთელი ცხოვრება აშშ-ში ვცხოვრობ, 2 უნივერსიტეტის გუნდში ვითამაშე. ევროპულისგან ცოტათი განსხვავებული სისტემაა, ბევრი ფეხბურთელი ჯერ უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს, შემდეგ კი იწყებენ პროფესიონალურ კარიერას.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება სომხეთის ნაკრებში თამაში იყო ახლა კი აქ ვარ და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო. როდესაც ნაკრებში გამომიძახეს პირველი ვისაც დავურეკე მამაჩემი იყო, ის ყოველთვის ჩემი შთაგონების წყარო იყო, შემდეგ კი ოჯახის ყველა წევრსაც ვუთხარი ამის შესახებ. ჩემი ოჯახი ამჟამად შეერთებულ შტატებშია, ძალიან ამაყობენ ჩემით და მხარს მიჭერენ ნებისმიერ საკითხში. ახლა მე მსოფლიოს მეორე ნაწილში ვარ, ყველასგან შორს და ეს ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ გამოძახების შემდეგ აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, ამაზე დიდი სიამაყე ჩემთვის არ არსებობს.

წარსულში რამდენჯერმე სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრებში მიმიწვიეს და სამი მატჩი ჩავატარე, შესანიშნავი შეგრძნება იყო, მაგრამ მთელი ჩემი ოცნება მთავარ გუნდში თამაში იყო. ამ წლის თებერვალში კონტრაქტი "ურარტუსთან" გავაფორმე და დავიწყე ჩემი პროფესიონალური კარიერა. საინტერესოა ისიც, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში გოლის გატანა და ჩემი სადებიუტო მატჩების ჩატარება "ურარტუში" შევძელი. ძალიან აღელვებული ვარ თითოეული ამ მომენტით, ნაკრებში ჩემთვის პირველი დღეა და ძალიან კარგი შეგრძნებაა. ვიცი, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრს მივაღწევ. - ნიკოლას კალუკიანი - სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი თავიდანვე კარგად წარიმართა, კლუბში ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც ძალიან დამეხმარა. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ, შესაძლოა ფიზიკურად ჯერ კიდევ 90-95%-ით მზად ვარ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ყოველთვის 100%-ით მზად ვარ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს ძალიან არასასიამოვნო ტრავმაა მეკარისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია.

მოუთმენლად ველი მატჩის ჩატარებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთბელი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. უკვე ნახევრად სომეხად ვგრძნობ თავს, რადგან დიდი ხანია აქ ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო ამ მატჩებისთვის. მესმის თამაშის მნიშვნელობა, ამიტომ არასდროს ვგრძნობ დიდ ზეწოლას.

ინდივიდუალური მოთამაშეების მხრივ საქართველოს დიდ პატივს ვცემ, მათ ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ 90 წუთი აქ, ერევანში და თბილისში თამაში ყველაფერს გადაწყვეტს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ სომხური ფეხბურთის დონე საკმაოდ მაღალია. ბოლო პერიოდთან შედარებით ყველაფერი უფრო წარმატებით უნდა წარიმართოს. - ოგნიენ ჩანჩარევიჩი - სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
ნაკრებში ყოველთვის კარგი განწყობით ჩამოვდივარ ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. მოახლოებული მატჩებისთვის მთელი პასუხისმგებლობით ვემზადებით. ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს და შევეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ.

პირველ რიგში, ერევანში გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ მეორე მატჩზე. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კარგი მატჩი ჩავატაროთ. - არტურ სერობიანი - სომხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

სხვა სტატიები