"ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ გვაქ ჩვენი გეგმები" - რამაზ სვანაძე
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ნიდერლანდების ქალაქ ვენლოში, მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ჩვენი გუნდი ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 13 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც 10 სექტემბერს სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ ადგილს 24 ქულით ნიდერლანდები იკავებს.
მატჩამდე 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ლუკა გაგნიძემ კომენტარი გააკეთეს:
განწყობა რა თქმა უნდა დადებითია, დადებითია იმიტომ, რომ პირველად გვაქ შანსი წლების შემდეგ, რომ შესარჩევი ეტაპიდან შევძლოთ და მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
ურთულესი თამაში გველოდება, ვიცი ძალიან კარგად ვისთან გვაქ თამაში, ვიცით თუ რა დონის ფეხბურთელებით თამაშობენ, თუ რა დონის გამოცდილება უმაგრებთ მათ ზურგს და მათთვის განსაკუთრებული ფაქტორი იქნება ისიც, რომ მატჩს საკუთარ არენაზე ჩაატარებენ. ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ გვაქ ჩვენი გეგმები და ვეცდებით, რომ ის შანსები რაც მოგვეცემა მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
თამაშს რაც შეეხება, ერთ რამეში რაშიც დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენ არ გვაქ შეცდომის დაშვების უფლება, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ნებისმიერ შეცდომაზე რეაგირებს და უკვე მყისიერი დასჯა ხდება მოწინააღმდეგის. თამაშზე ჩვენი გეგმა იქნება: კონცენტრაცია, ტაქტიკური მონახაზის შესრულება და ერთიანობა, როცა შანსი მოგვეცემა კი აუცილებლად უნდა შევუტიოთ.
ჩვენც, სამწვრთნელო შტაბი ინტერესით ველით იმას თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის ფონზე. ჩვენ მათ წინააღმდეგ ერთი თამაში უკვე ჩავატარეთ და დიდი ანგარიშით დავმარცხდით და ამ თამაშის მთავარი მიზანი არის ის, რომ დავინახოთ თუ როგორ გამოიყურებიან 1 წლის გასვლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი შედეგი და ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. - რამაზ სვანაძე - საქართველოს 21- წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება, ჩვენი და დღევანდელი მეტოქის პირველი დაპირისპირება ალბათ ყველამ ნახა, სადაც 3:0 დავმარცხდით, თუმცა თამაშის მიმდინარეობას თუ შევხედავდით მსგავსი სურათი არ იყო, რომ აღნიშნული ანგარიშით უნდა წაგვეგო.
ჩვენ მომდევნო თამაშებს რაც შეეხება, დარჩენილი გვაქ 3 ფინალი და ნიდერლანდების წინააღმდეგ მოედანზე გავალთ 3 ქულის წამოსაღებად. ისტორიის დაწერა გვინდა მეორედ, ამჯერად უკვე კვალიფიკაციით და დიდი შანსი გვაქ, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ამისთვის ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. - ლუკა გაგნიძე - საქართველოს 21- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი