დონარუმა ხუთშაბათს მომხდარ ძარცვაზე: ,,ძალიან დიდი შიში განვიცადე''
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ხუთშაბათს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მძარცველები ფეხბურთელის სახლში შეიჭრნენ, ის და მისი მეგობარი გოგო დააბეს და სახლიდან დაახლოებით 500 ათასი ევროს ძვირფასეულობა გაიტანეს.
,,გაკოჭილი ვიყავი, ალესია კი იძულებული იყო, გამოეჩინა ყველაფერი, რაც ღირებული გვქონდა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მიმდინარეობს, ახლა პოლიციაში მივდივარ, რათა ყველაფერი გავიხსენო.
ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ალესიას რამე არ დამართნოდა. უძლური ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. ფრანგულად კარგად ვერ ვლაპარაკობ და გამიჭირდა მძარცველებისთვის ამეხსნა, სად ვინახავდით ნივთებს.
ძალიან დიდი შიში განვიცადე, განსაკუთრებით იმის შიში, რომ მათ შეიძლებოდა, ალესიასთვის რამე დაეშავებინათ,'' - განაცხადა დონარუმამ.
მიუხედავად იმისა, რომ დონარუმა და მისი მეგობარი გოგო გაკოჭილები იყვნენ, წყვილმა სახლიდან გაქცევა მაინც მოახერხა. მათ თავი სასტუმროს შეაფარეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.