მას მერე, რაც "დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის ტიტული "დინამო ბათუმს" გადააბარა, ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გუნდში საკმაოდ დიდი ცვლილებები დაანონსა.
როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უახლოეს პერიოდში სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და ქართველი შემტევი, ნოდარ ქავთარაძე დატოვებენ, თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულდება და 18-გზის ჩემპიონი სხვა ადგილობრივ თუ ლეგიონერ ფეხბურთელს დაემშვიდობება.
ამავე დროს, "ლურჯ-თეთრები" ახალი სეზონისთვის გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების დამატებას გეგმავენ.
30 წლის რადინი "დინამოს" სეზონის წინ, ანტალიაში გამართულ შეკრებაზე შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 2021 წელს რადინი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. რაც შეეხება ნოდარ ქავთარაძეს, 28 წლის ნახევარმცველი, რომელსაც თბილისურ კლუბთან ერთად ეროვნული ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, გუნდში ზაფხულში, უნგრულ "მეზოკოვეშდში" გატარებული ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა და 17 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.