დიდიე დროგბა: "იგორ ტიაგოს ბრაზილიელობაში ეჭვი შემეპარა"
კოტ-დ’ივუარელმა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ, ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, „სელესაოს“ თავდასხმის ხაზი მწვავედ გააკრიტიკა და აქცენტი მომენტების რეალიზაციაზე გააკეთა.
მან ასევე გაიხუმრა, რომ იგორ ტიაგოს ბრაზილიელობაში ეჭვი შეეპარა, რადგან მას ძალიან სუსტი მატჩი ჰქონდა და კარგი მომენტები ვერ გამოიყენა, რასაც მაგალითად ჟოაო პედრო უკეთ გააკეთებდა.
"ხანდახან ვფიქრობ, არის თუ არა იგორ ტიაგო ნამდვილი ბრაზილიელი - ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, მაგრამ როდესაც ბრაზილიელ თავდამსხმელებზე ფიქრობ, თვალწინ ყოველთვის ცივსისხლიანობა და კარის წინ მომაკვდინებელი ინსტინქტი გიდგება...
შეხედეთ იმ მომენტს, როდესაც მან მაროკოსთან მატჩში თავით აბსოლუტურად თავისუფალი პოზიციიდან ააცილა. ეს ზუსტად ისეთი შანსი იყო, რომელსაც ბრაზილიის ნაკრები წინ უნდა გაეყვანა.
შესაძლოა, კარლო ანჩელოტის მის ნაცვლად ჟოაო პედრო უნდა გამოეძახებინა. ის ზუსტად იმ ტიპის ფორვარდია, რომელსაც ასეთ კრიტიკულ მომენტებში ბოლომდე ენდობი.
აქვე აუცილებლად უნდა შევაქოთ ვინისიუს ჟუნიორიც. ის დაუღალავად ქმნიდა მომენტებს, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ მათ რეალიზებას ვერავინ ახდენდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და საპასუხო გოლი თავადვე გაიტანა. ხანდახან დიდ მოთამაშეებს ორივე საქმის შეთავსება უწევთ - მომენტების შექმნაც და მათი დასრულებაც“. - დიდიე დროგბა
მაროკოსთან იგორ ტიაგოს მატჩს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოეხმაურება მოჰყვა - ბევრი ადამიანი კარლო ანჩელოტის კვლავ აკრიტიკებს, რომ მან ნაკრებში ჟოაო პედრო არ გამოიძახა, რომელსაც ჩელსიში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.
ასე და ამგვარად, ბრაზილიისა და მაროკოს შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სელესაო მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მატჩს ჰაიტის წინააღმდეგ გამართავს.