"დიდი ალბათობით ლუის ენრიკე პსჟ-ში 2030 წლამდე დარჩება" - RMC Sport
ლუის ენრიკესა და პარი სენ-ჟერმენს შორის თანამშრომლობა დიდი ალბათობით 2030 წლამდე გაგრძელდება, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RMC Sport აქვეყნებს. წყაროს ცნობით, ესპანელსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მხარეები საბოლოო შეთანხმების მიღწევასთანაც ახლოს არიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირია საუბრები, მაგრამ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზულ კლუბს სურს ეს ყველაფერი სეზონის დასრულებამდე გაოფიციალურდეს.
კონტრაქტის გახანგრძლივების ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ კლუბი ლუის ენრიკესთვის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, რაც მას ევროპაში სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელში მოახვედრებს.
🚨La prolongation de Luis Enrique au PSG est en bonne voie. Contrat jusqu’en 2030. Il va devenir l’un des trois entraineurs les mieux payés d’Europe ⤵️https://t.co/6m0glu7y1P
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) April 10, 2026
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე პარი სენ-ჟერმენში მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ესპანელმა სპეციალისტმა პსჟ-ს 163 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რა დროშიც 115 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და 23-ში დამარცხდა, გოლების შეფარდება კი ასეთია - 416 გატანილი 166 გაშვებულის წინააღმდეგ.
ლუის ენრიკემ პარი სენ-ჟერმენში ყოფნის პერიოდში 10 ტიტული უკვე მოიგო, ესენია: ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, უეფას სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა 2-ჯერ, ასევე 2-ჯერ მოიგო საფრანგეთის თასი, ხოლო 3-ჯერ საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.