Belive

დეკუმ მოლაპარაკებები პირადად დაიწყო - ბარსელონა დიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლისაბონის "სპორტინგის" 26 წლის ფორვარდი - ვიკტორ დიოკერეში, ევროპული გრანდების მთავარი სამიზნეა.

ესპანურ და პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიოკერეშის ტრანსფერში კატალონიის "ბარსელონა" და პირადად ამ კლუბის პორტუგალიელი სპორტული დირექტორი - დეკუ ჩაერთო.

გარდა "ბარსელონასა", დიოკერეშის ტრანსფერით პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგისა და იტალიის სერია A-ს გრანდები არიან დაინტერესებული.

ყველაზე რეალური ვარიანტი "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედია", რადგანაც, ლონდონური გრანდი 1 წელია ამ ფეხბურთელზე ნადირობს, "მანჩესტერი" კი ამ ტრანსფერში მას შემდეგ დაწინაურდა, რაც "წითელმა ეშმაკებმა" მთავარ მწვრთნელად, პორტუგალიელი - რუბენ ამორიმი დანიშნეს, რომელიც სწორედ ვიკტორ დიოკერეშთან ერთად "სპორტინგში" წლების განმავლობაში მუშაობდა.

პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკუ რამდენიმე დღეში სამშობლოში ჩაფრინდება და ვიკტორ დიოკერეშს პირადად შეხვდება. თუ რა მოლაპარაკებები იქნება მათ შორის და რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიოკერეში უკვე მესამე სეზონია, რაც ფენომენალურ სტატისტიკებს აფიქსირებს და იგი "სპორტინგის" მთავარი ვარსკვლავია.

დიოკერეშს მიმდინარე სეზონში 16 ჩატარებულ მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა შესრულებული. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, 26 წლის ფორვარდმა შვედეთის ნაკრებში 22 მატჩში მიიღო მონაწილება, სადაც 10-ჯერ გამოიჩინა თავი.

სხვა სტატიები