Belive

დებიუტი კონფერენს ლიგაზე: დილას უშანსო მარცხი, ბათუმელთა იოლი გამარჯვება და გაგრა, რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა

2 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
2021/22 წლების ევროსარბიელი ქართული კლუბებისთვის გამორჩეულია, რადგან სამ ჩვენებურ გუნდს, "დინამო ბათუმს", გორის "დილას" და "გაგრას" გამოსვლა არა ევროპის, არამედ უეფას მიერ შექმნილ ახალ, მესამე ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე მოუწევთ. ქვეყნის წინა სეზონის ჩემპიონატის მეორე და მესამეადგილოსნებმა და დავით ყიფიანის სახელობის მოქმედმა გამარჯვებულმა ახალ ტურნირზე გამოსვლა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, განსხვავებული თამაშითა და შედეგით დაიწყეს. პირველი საქმეში გორის "დილა" ჩაერთო, რომელსაც, ყველაზე რთული მეტოქე ერგო - ანდრეი დემჩენკოს გუნდი სლოვაკურ "ჟილინას", სტუმრად დაუპირისპირდა. მიუხედავად მეტოქის რანგისა, ალბათ, უკრაინელი მწვრთნელის მიერ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, თავისი გუნდისთვის გადაცემული სათამაშო ფილოსოფიისა და იმ თამაშის სტილის ფონზე, რომლითაც იგი ნეიტრალური ქომაგის სიმპატიებს იმსახურებს და რომლის შედეგადაც გორელები ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ, "დილასგან" გაცილებით მეტს ველოდით, თუმცა შიდაქართლური კლუბი სტუმრად გამართულ შეხვედრაში - 1:5 დამარცხდა. პირველი ნახევარი გაცილებით თანაბარი გამოდგა და უნდა ითქვას, რომ ორივე ტაიმის ბოლო 15-წუთიანი მონაკვეთები ქართულმა კლუბმა დამაჯერებლად ჩაატარა და მეტოქის კარზე რამდენიმე გააზრებული იერიში მიიტანა. პირველი ნახევრის მიწურულს ჩვენებს გატანის რამდენიმე შანსი მიეცათ, ყველაზე რეალური ეპიზოდი პაატა ღუდუშაურს შეექმნა, რომელმაც პოზიციადაკარგულ მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა - ადგილზე "ჟილინას" მცველი გაჩნდა, რომელმაც გოლკიპერი დააზღვია. ღუდუშაურს გატანა თავითაც შეეძლო, როცა მეკარის საჯარიმოში იმყოფებოდა, თუმცა მისი დარტყმული და მიწიდან ასხლეტილი ბურთი ამ უკანასკნელმა იგდო ხელთ. აქტიურობდნენ თორნიკე კაპანაძე და უსმანე კამარაც, რომელიც ტრადიციულად ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევას და გამწვავებას ცდილობდა, თუმცა გოლამდე საქმე არ მივიდა. პირველი ტაიმი "დილამ" ორბურთიანი სხვაობით წააგო და მეორე ნახევარში ერთი ბურთის გაქვითვის იმედი გაჩნდა, მაგრამ საბოლოოდ, კლასის ხარჯზე მეტოქემ გორელები სრულად გატეხა, რასაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაც თან დაერთო, 56-ე წუთზე რომარიკ ეტოუს მიერ აკიდებული 11-მეტრიანით და მეტოქის სამბურთიანი უპირატესობით და ჩვენებმაც 64-ე და 82-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი მიიღეს. ერთი ბურთის გაქვითვა 84-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ანდრო ნემსაძემ შორეული დარტყმით შეძლო. საპასუხო შეხვედრა, 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა გაიმართოს და 21:00 საათზე უნდა დაიწყოს, რომელშიც გორელთა შანსები მიზერული იქნება, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და იმედის ნაპერწკალს ნურც ჩვენ დავკარგავთ.   "გაგრამ", რომელიც გარდა სპორტული ინტერესისა, ევროპაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სახელის ღირსეულად გატანას ემსახურება, სწორედაც რომ ღირსეული თამაში აჩვენა და გულშემატკივარს იმედი გაუჩინა. მონტენეგროში, ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ვიცე-ჩემპიონ "სუტიესკასთან" საქართველოს თასის გამარჯვებულმა საწყისი წუთებიდანვე კონცენტრაციის მაღალი პროცენტით თამაში დაიწყო და ჩანდა, რომ გაგა კირკიტაძის შეგირდები შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ. მიუხედავად მაქსიმალური ყურადღებისა, ქართველებს მე-17 წუთზე ფლანგიდან შეტევა გაეპარათ, რომელიც მარკო ვუკოვიჩის გოლით დასრულდა, თუმცა ეს შეხვედრაში ბოლო ეპიზოდი გახლდათ, როცა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. მატჩის დარჩენილი დრო "გაგრამ" დამაჯერებლად ჩაატარა, პირველი ნახევრის ბოლომდე უფრო მეტად მეორე ნომრად თამაშობდა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ხოლო მეორე ნახევარში თავდასხმაში უფრო გააქტიურდა და მეტოქეს არაერთ ეპიზოდში აჯობა კიდეც. ბურთის ფლობის კომპონენტში, "გაგრას" 10%-იანი უპირატესობა ჰქონდა - 55:45-ზე, მეტოქის კარის დალაშქვრას კი საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერები, ფლანგიდან ჩაწოდებებით ცდილობდნენ. ყველაზე რეალური შანის ივანე ხაბელაშვილს მიეცა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო თუმცა კარს დიდი მანძილით ააცილა. მიუხედავად რამდენიმე ეპიზოდისა, "გაგრამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა საპასუხო შეხვედრას მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით ხვდება, თანაც სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმებულია და ამ მხრივ გაგა კირკიტაძის გუნდს სანერვიულო არ ექნება. თბილისში, "მიხეილ მესხზე", 15 ივლისს გასამართ დაპირისპირებაში, "გაგრას" გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე საკმაოდ კარგი შანსი ექნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "გაგრა" ისე ითამაშებს, როგორც პირველი რაუნდის მეორე ნახევარში.
No description available.

ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის გახარება საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა მოახერხა, რომელსაც მიმდინარე ევროსარბიელზე ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდა. აჭარლებმა სან მარინოს წარმომადგენელი "ტრე პენე" მატჩის დასაწყისშივე ისეთი ანგარიშით დაამარცხა, არათუ მეორე შეხვედრას, პირველი რაუნდის დარჩენილ, დაახლოებით 80 წუთსაც რომ აზრი არ დაუტოვა. მეტოქის რბევა გია გეგუჩაძის გუნდმა მერვე წუთზე დაიწყო და ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუტანა. გიორგი ფანცულაიას და ორ წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილს საგოლე გადაცემა ჯაბა ჯიღაურმა გაუკეთა, რომელმაც მეთვრამეტეზე თავად გაიტანა და დაბადების დღე აღნიშნა. მეორე ტაიმის სტარტზე, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომლის შეგირდებიც იოლ გამარჯვებას უახლოვდებოდნენ, გუნდის ლიდერები მოედნიდან უმალ გაიყვანა და მისმა გუნდმა მხოლოდ ბურთის მშვიდად კონტროლი და საკუთარი სიამოვნებისთვის თამაში დაიწყო. ყველაზე გამორჩეული ირაკლი აზაროვი გახლდათ, რომელმაც სან მარინოელთა მარჯვენა ფლანგი გააწამა და ბოლოს მისი "საფეხბურთო თავხედობა" იქამდე მივიდა, რომ მეტოქის მოედანში ე.წ. რაბონა გადაცემებსაც ასრულებდა. ნათელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს კარგი პერიოდი უდგას. საბოლოო წერტილი "დინამო ბათუმმა" 58-ე წუთზე გიორგი ზარიამ დასვა, რომელმაც ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს 4-ბურთიანი უპირატესობით მოაგებინა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბათუმელები შემდეგ ეტაპზე გავლენ, საპასუხო მატჩი მათ 15 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ელით, შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება და იმედია, შავიზღვისპირელები იქაც გაგვახარებენ, თუმცა მგონი დროა, მათ უკვე ბორისოვის "ბატეზე" ფიქრი დაიწყონ.
No description available.
 

სხვა სტატიები