დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "კოპენჰაგენის" ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა. 31 წლის მცველს კარიერის დასრულება მძიმე ტრავმების გამო მოუწია, ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა, რომელსაც ვრცლად "კოპენჰაგენის" საიტი გვამცნობს.
დავით ხოჭოლავას კომენტარი:
რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა. მართლა ბევრი ვეცადე და უთვალავი საათი დავხარჯე უკან დასაბრუნებლად, მაგრამ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ დაბრუნება ვერ შევძელი. ძნელია, მაგრამ გასაგები, აუცილებელია, რომ ჯანმრთელობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ.
ფანტასტიკური დრო გავატარე კოპენჰაგენში. ამ გუნდისგან მე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, დიდი გამოცდილება მივიღე მოედანზე და ახლო კავშირი მაქვს კლუბთან, რა თქმა უნდა ქალაქთან, მაგრამ განსაკუთრებით გულშემატკივრებთან.
ეს ყველაფერი საშინლად მომენატრება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც აქ მივიღეთ მე და ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში. ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები. - დავით ხოჭოლავა
Khocholava er grundet skader nødt til at stoppe karrieren📺
— F.C. København (@FCKobenhavn) July 7, 2024
Det har været en utrolig svær beslutning, hvilket du kan se i dette interview, der var hårdt for ham at lave. Men han har selv valgt, at vi skal vise det, fordi han gerne vil sige tak.https://t.co/INFJ57M7ff#fcklive
დავით ხოჭოლავამ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (U15, U19, U21) ითამაშა და 9 შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა, სადაც 39 შეხვედრის ჩატარება შეძლო.
საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ყველაფერი 2010 წელს "საბურთალოს" აკადემიიდან დაიწყო, შემდეგ იყო რუსთავის "მეტალურგში", შემდეგ ბოლნისის "სიონში", "დინამო თბილისში", ფოთის "კოლხეთში", "შუქურაში", "ჩერნომორეცში", "შახტარში" და ბოლოს "კოპენჰაგენში". თავის ბოლო კლუბში 62 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტიტულებს რაც შეეხება, საქართველოს ჩემპიონი "დინამო თბილისთან" ერთად 2-ჯერ გახდა, ასევე თბილისურ კლუბთან ერთად 2-ჯერ საქართველოს თასი მოიგო. "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელაც სუპერთასი. "კოპენჰაგენში" 2-ჯერ დანიის ჩემპიონი გახდა და ერთხელ დანიის თასსაც დაესაკუთრა.