და იქნება სისხლი
3 წლის წინ
ფეხბურთი
7 წთ
გაკვეთილების მერე სკოლასთან ახლოს, მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით. ერთხელაც, უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო ჩვენი ,,შეჯიბრი’’, გადავწყვიტეთ საფეხბურთო კლუბების სახელებით შევრკინებოდით ერთმანეთს. იყო ასეთი ჟურნალი ,,ფეხბურთი’’, ერთ-ერთ ჩვენგანს ჰქონდა ხოლმე და გუნდების ჩამონათვალი ვნახეთ. ჰოდა, ერთ-ერთ მათგანს გერბზე დემონი ეხატა - მანერულობის ამბავი იყო თუ რაც იყო, ვთქვი - მე ვიქნები მანჩესტერ იუნაიტედი. არცერთი თამაში არ მენახა ამ გუნდის, არცერთი წევრი არ მსმენოდა, ვიცოდი მხოლოდ დევიდ ბექჰემი, როგორც ვინმე რვეულების გარეკანთა გმირი. ხოლო იმ დღეს ნახევარფინალში გავედი. ნამდვილი მანჩესტერი თურმე მეოთხედფინალში იყო - ჩემპიონთა ლიგის. მერე დავტრიალდი და ერთი მეგობრის არქივს ჩავუჯექი - უმეტესად გაზეთი ,,სარბიელი’’ იძებნებოდა. ჩემი გუნდის შესახებ რამე უნდა მცოდნოდა - სირცხვილი იყო ბოლო-ბოლო. ძველ თამაშებს ვკითხულობდი - პრემიერ-ლიგის მიმოხილვებს. ხომ ამბობენ ჩვენი წინაპრები, რადიოთი რეპორტაჟის მოსმენა სულ სხვა იყო, უცნაური ხილვები მოჰქონდაო, მე საერთოდაც ფურცლებზე ვუყურებდი თამაშებს - დაუვიწყარი ინტიმი, ცალკე თავგადასავალია. დაუვიწყარზე გამახსენდა, დამავიწყდა მეთქვა, ეს 90-იანების მიწურულია სალარნაკედ ქცეული ტელევიზორების დრო. თამაშებს ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში აჩვენებდნენ, სატელიტური ანტენით ერთ თურქულ ტელე-არხს (STAR) იჭერდნენ. დასწრება ლარი ღირდა. ინტერი-მანჩესტერია, განმეორებითი მატჩი. პირველი ოლდ ტრეფორდზე მასპინძლებმა მოიგეს 2:0. რონალდო ვიცოდი. ბაჯოც, ჯორკაეფიც, პალიუკაც - საერთოდ იმათი უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე მანჩესტერის. იმ დღეს ფენომენმა ვერ ითამაშა, ვენტოლამ შეცვალა და გაიტანა კიდეც. მერე იყო დაძაბული წუთების წყება, მაგრამ გადავრჩით - სქოულზმა გამთანაბრებელი დაჰკრა. სახლში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. წითელა შემაყარა. წითელას ვინ ჩივის, საკითხი უფრო რთულად დგას. ცრურწმენებს ბავშობიდანვე მიველტვი და ვებრძვი. დიახ, ორივე ერთად. ამიტომაც არ დასრულდა ეს ამბავი. ვიცოდი და ვიცი რომ უკიდურესი სისულელეა, მაგრამ რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ მაგალითად: სანამ შუქი იყო, დაწოლის წინ სამჯერ ვანთებდი და ვაქრობდი. მერე ჩუსტებს სამჯერ ვიღებდი ხელში და ვდებდი. ხან, ბნელი და შემაშინებელი ღამისას გავდიოდი იქ, უკან, სათხილეში, სადაც ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო და იმ ხეს ხელს მივადებდი და მერე შეშინებული მოვრბოდი უკან. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. კიდევ ღამით ფრჩხილებს არ ვიჭრიდი, სკვინჩას სტვენა ან ძაღლის ყმუილი მეგონა კაცის სიკვდილის მოასწავებდა და სხვა ბევრი მსგავსი ჩემეული თუ ნაკარნახევი ამბავი. ყველაფერი რომ მოვიშალე, მანჩესტერი გაჩნდა. ეგრე ჩავუთქვი, რომ თუ იგებს, ის კვირა წარმატებული მაქვს, თუ ვერ - შესაბამისად. სასაცილო საქმე გგონიათ? მე თქვენზე უფრო. მაგრამ ვიცინი და მწამს. იმ წლებში, როცა მანჩესტერს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპიდან ხან მილანი აძევებდა, ხან ბაიერნი, ერთხელ ბებერ ტრეფორდზე კიდევ ახალგაზრდა ჟოზე მოურინიო იშვა - მე ცოტა ფეხბურთის ცქერას ჩამოვშორდი. რთული წლები მედგა. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუვლიდი, თუ გარეკანზე გუნდის თამაშის სურათი იყო გამოტანალი, ეგრე შევხვედავდი, როგორც რომ განშორებულ სატრფოს - აი, თვითონ რომ გაგშორდება და შენ თან გიყვარს და თან კიდევ ეგო გიტევს. მოსახდელია. მერე შევრიგდით მე და ფეხბურთი. მერე რონალდუ იყო. ტერის მოსკოვში ფეხი დაუცდა. ჰოდა, ეგ არის. ამ საკითხზე ბევრს ვერ ვწერ. ძნელია სიყვარულზე წერა. ყველაზე ძნელი. არადა სულ გეწერება. მაგრამ ვერ. სიყალბის გეშინია. სიტყვის სხვაგან გაქცევის, ზევით. დიდი მცველის, იაპ სტამის პენალტივით.