Belive

ჩვენი მეტოქე: ყველაფერი, რაც როსენგარდის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ლანჩხუთის "გურია" შვედეთის ექს-ჩემპიონ "როსენგარდს" დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე ქართულ-შვედური დაპირისპირება შედგება, მოდით ჩვენი მეტოქე უკეთესად გავიცნოთ. "როსენგარდის" ქალთა გუნდი 1970 წელს, ქალაქ მალმიოში დაარსდა და თავდაპირველად ამავე სახელწოდებით ასპარეზობდა. "როსენგარდის" ქალთა გუნდის სახელი შვედებმა 2013 წლის 12 დეკემბერს მიიღეს. "როსენგარდი" თავისი ქვეყნის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, უკანასკნელად ტიტული მათ 2019 წელს მოიპოვეს. გარდა საჩემპიონო მარათონისა, გუნდმა ტრიუმფით შვედეთის თასის 5 და სუპერთასის 4 გათამაშება დაასრულეს. წინა სეზონში "როსენგარდმა" 22 ტურში 47 ქულა დააგროვა და გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონობა კი "გიოტებორგს" ხვდა წილად. რაც შეეხება ევროსარბიელს, ჩემპიონთა ლიგაზე შვედური კლუბი სულ 9-ჯერ გამოვიდა და აქედან 6-ჯერ მეოთხედფინალს უწია. საუკეთესო შედეგი გუნდმა 2003/04 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა ნახევარფინალში გავიდა და იქ "ფრანქფურტთან" 1:4 დამარცხდა. 2011-17 წლები "როსენგარდმა" მეოთხედფინალში ოთხჯერ გააღწია და ისეთ ტიტულოვან კლუბებთან დამარცხდა, როგორებიც "ფრანქფურტი","ლიონი", "ბარსელონა" და "ვოლფსბურგია".
"როსენგარდს" შესანიშნავი სათამაშო ფორმა აქვს, ბოლო 71 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ 7 წააგო. შემადგენლობის მხრივ, ჩვენი მეტოქე უმეტესად ადგილობრივი და სხვა სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, თუმცა იქ ახალი ზელანდიის, სერბეთის, შოტლანდიის და ნიგერიის წარმომადგენლებიც თამაშობენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველ გოგონებს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. პირველი მატჩი 8 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი 1 კვირის შემდეგ, სკანდინავიაში გაიმართება.

სხვა სტატიები