Belive

"ჩვენ უნდა მოგვეგო ეს თამაში და როგორც დასრულდა ისე უნდა დასრულებულიყო" - ლუკა ხარატიშვილი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ რიეკაში, ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში, მე-10 წუთზე, სტუმართა შემტევმა დიონ ბელომ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე, ბელომ ჩვენ კარში დანიშნული პენალტის ზუსტად შესრულებით დუბლი მიითვალა.

ანგარიშის კვლავ გათანაბრება ნოდარ ლომინაძემ შეძლო, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მარინ შოტიჩეკმა, დამატებული დროის მე-2 წუთზე ხორვატია ისევ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3.

პენალტების სერიაში, ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რომელიც სლოვაკეთში, 11-დან, 28 ივლისამდე გაიმართება.

ტურნირის წილისყრას, 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი - ბრატისლავა უმასპინძლებს.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელებმა: ლუკა ხარატიშვილმა, ნოდარ ლომინაძემ და გაბრიელ სიგუამ მედიასთან კომენტარი გააკეთეს:

გუნდურობამ, ერთიანობამ, პატრიოტიზმმა, რომელიც ძალიან ჭარბობს ჩვენში ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ყველაფერი ლოგიკურად დავასრულეთ. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოვახერხეთ გამარჯვება იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ამის გამოცდილება და ზოგადად ასეა ახალგაზრდული ნაკრების სპეციფიკა, ჩვენ ვიზრდებით თამაშიდან თამაშამდე, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატი გველის, იქაც გეპატიჟებით ყველას და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მიღწევას.

მთლიანად საქართველოს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, რადგან ჩვენთვის ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრების წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავს იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია ეროვნული ნაკრები და იმიტომ ვმუშაობთ, იმიტომ გვინდა წარმატების მიღწევა, რომ საბოლოოდ ეროვნულ ნაკრებს გამოვადგეთ. ყველა წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კიდევ გავნმეორდები, რომ ეს რწმენას და მოტიავაციას ამაღლებს მომავალი თაობის ფეხბურთელებში. თითოუელ ეტაპზე მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებას ვიძენთ, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ გვაქვს ასაკობრივ ნაკრებებში, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს, ეს გამოცდილება ნებისმიერი მათგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა მთლიანად ხორვატიას და ხორვატ ერს. ძალიან მებრძოლი ხალხია და ამ ყველაფრით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, მომავალში მინდა მათ წარმატება ვუსურვო, მათ ჰყავთ ძალიან კარგი და ხარისხიანი ფეხბურთელები, მაგრამ ამ ორი მატჩის ჯამში ვთვლი, რომ ჩვენ უფრო კარგი გუნდი ვიყავით.

- რამაზ სვანაძე - 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი
უბედნიერესი დღე არის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მთლიანად საქართველოსთვის იმიტომ, რომ ისტორიული შედეგი დავდეთ, გავიმარჯვეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ემოციებით აღსავსე ვარ მეც და მთელი გუნდი, ისევე როგორც მთელი საქართველო.

ბოლო წუთებზე დასანანი გოლი მივიღეთ, როდესაც უკვე შეგვეძლო, რომ პენალტების გარეშე მოგვეპოვებინა გამარჯვება, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ეს თამაში და როგორც დასრულდა ისე უნდა დასრულებულიყო და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

აქ ჩამოსულ თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყვნენ და გვამხნევებდნენ, გვაძლევდნენ მოტივაციას და ძალას იმისათვის, რომ ეს შედეგი დაგვეფიქსირებინა. კიდევ ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს რაც მაქვს. ვულოცავ ამ დიდ წარმატებას სრულიად საქართველოს. - ლუკა ხარატიშვილი - 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი
შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, ბევრი ისეთი რთული მომენტი იყო, რომელიც შეიძლება ბევრს ვერ გადაელახა, მაგრამ ისევ ჩვენი ერთად დგომით და ერთ მუშტად შეკვრით გადავლახეთ. როგორც ყველა იძახის ჩვენი გუნდის მთავარი ძალა ის არის, რომ სულ ერთად ვდგავართ და ასე ერთად მე მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბევრ კარგ შედეგს დავდებთ. - ნოდარ ლომინაძე - 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი
უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემი აზრით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. პირველი დღიდან დაწყებული დღემდე ბევრი ვიშრომეთ, ყველაფერი ჩავდეთ იმისთვის, რომ ამისთვის მიგვეღწია უბედნიერესი ვარ იმიტომ, რომ სხვა გრძნობაა როდესაც ასე დამსახურებულად ხვდები ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ, რომ ჩანს თუ რა გზა გვაქ გავლილი ამისთვის და როდესაც ევროპაზე ჩავალთ იქ თავისთავად ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ჩვენი სახელი იქაც დავტოვოთ. - გაბრიელ სიგუა - 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი

ეროვნული ნაკრები

სხვა სტატიები