Belive

"ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ" - რამაზ სვანაძე

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე პირველად ასოპარეზობს, ქართველებმა შეძლეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. გოლის ავტორები გიორგი გაგუა და საბა საზონოვი გახდნენ.

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ საქართველომ სამი ქულა ჩაიწერა და ჯგუფში, სადაც აუთსაიდერად ითვლებოდა, პირველ ადგილს იკავებს.

მშეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. გამარჯვება გუნდურობითა და ერთიანობით მოვიპოვეთ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძვნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი. მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა დიდი თავის ტკივილი იქნება, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით. " - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წინ კიდევ ორი ჯგუფური შეხვედრა ელის. რამაზ სვანაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ბელგიის თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 24 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები