ჩელსი რეალისგან 5 მილიონს მიიღებს
"ჩელსიმ" მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის მოგების ფონზე, ედენ აზარის წყალობით, ფულადი ბონუსი დაიმსახურა. გავრცელებული ინფორმაციით, აზარის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამო. ჩელსიმ მადრიდის რეალისგან 5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.
შაბათს უემბლიზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდელებმა 2-0 დაამარცხეს დორტმუნდის "ბორუსია" და გააუმჯობესეს საკუთარი რეკორდი - 15 ტიტული ისტორიის განმავლობაში. აზარი ესპანურმა გიგანტმა 2019 წელს, 130 მილიონ ფუნტად გაიფორმა. ბელგიელმა სამეფო კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა და ოქტომბერში პენსიაზე გავიდა. მიუხედავად ამისა, ESPN-მა ორი კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ლურჯებს ფინანსურად დაეხმარებოდა.
აზარის კონტრაქტში იყო შეტანილი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ჩელსი 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა, თუ რეალი უემბლის ფინალამდე მიაღწევდა. ეს პუნქტი ჯერ კიდევ აქტიურია. ჩელსიში შვიდწლიანი თამაშის განმავლობაში აზარმა ყველა ტურნირზე 110 გოლი გაიტანა და 85 საგოლე პასი გააკეთა - 352 მატჩში. ბელგიელმა ორჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული, ორი ევროპა ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი, ასევე ოთხჯერ გახდა კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშე.