Belive

ჩალჰანოღლუ: "ჯერ მსოფლიოზე უნდა გავიდეთ, შემდეგ კი მოვიგოთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები დაკარგა.

საქართველო 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინტერისა და თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - ჰაკან ჩალჰანოღლუმ ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და უპრინციპულესი გამარჯვება მოვიპოვეთ - მიხარია რომ მსოფლიოს ვუახლოვდებით. იმედია, ეს მოხდება.

არ მინდა ჩემს თამაშზე ვისაუბრო. მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდურად კარგად ვითამაშეთ. ეს მატჩების კვირა ორი გამარჯვებით დავასრულეთ. იმედია, სხვა მატჩებსაც მოვიგებთ.

ჩემთვის ჩემი უფროსი ძმები ყოველთვის ლეგენდები არიან. არდა, ემრე, რუშტუ... ჩემს სხვა უფროს მეგობართან ერთადაც იგივე მაისურით დიდი სიამოვნებით ვთამაშობდი. მათი წყალობით მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ მწვრთნელებს. ძალიან ბედნიერი ვარ.

თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას შევძლებთ, იოლი მეტოქე არავისთვის ვიქნებით და მგონია, რომ შეგვწევს ძალა, მსოფლიო ჩემპიონატიც მოვიგოთ..." - ჰაკან ჩალჰანოღლუ

ასე და ამგვარად, თურქეთის ნაკრებმა ჩვენს ჯგუფში თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი და მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.

ვილი სანიოლის გუნდი კი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები