"ბურთს ძალიან მოენატრები" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა - ანდრეს ინიესტამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ინიესტამ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ, ემოციურ ვიდეოში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, თუ რას ნიშნავს მისთვის სპორტის ეს სახეობა და რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.
ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერის დასრულებას, ლეო მესი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიესტა ყველას მოენატრება.
👋🏻✨ Leo Messi on Andrés Iniesta: “One of the teammates with the most magic and one of those I enjoyed playing with the most”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 8, 2024
“The ball is going to miss you, and so will all of us”.
“I wish you the best always, you’re a phenomenon”. pic.twitter.com/odpRX1sK21
ერთ-ერთი თანაგუნდელი, ყველაზე დიდი მაგიით და თანაგუნდელი, ვისთან თამაშიც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ბურთს და ასევე, თითოეულ ჩვენგანს ძალიან მოგვენატრები. ყოველთვის საუკეთესოს გისურვებ, ფენომენალური ხარ. - ლეო მესი.
შეგახსენებთ, ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" აკადემიის, "ლა მასიას" აღზრდილია. მან კატალონიური კლუბის მაისურით 674 მატჩი ჩაატარა, სადაც 57 გოლი გაიტანა და 135 საგოლე პასი მიითვალა.
ინიესტამ "ბარსასთან" ერთად 32 ტიტული მოიგო, მათ შორის ცხრა ლა ლიგა, ოთხი ჩემპიონთა ლიგა და ექვსი კოპა დელ რეის ტიტული.
ლეგენდარულ ნახევარმცველს ესპანეთის ნაკრებში 131 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2010 წლის ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, სადაც ნიდერლანდების წინააღმდეგ დამატებულ დროში გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო. გარდა მსოფლიო ჩემპიონატისა, 40 წლის ფეხბურთელმა ესპანეთთან ერთად ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2008 და 2012 წლებში (სადაც იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა).