Belive

ბუნდესლიგის დაწყების წინ კომპანიმ მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ დაადასტურა, რომ ჯამალ მუსიალა პარასკევს „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გუნდის ბუნდესლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს. გერმანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ სრული ფიზიკური მზადყოფნის აღდგენაზე მუშაობს მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო წინასასეზონო პერიოდში გარკვეული დროით გუნდს ჩამოშორდა.

მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ არის საგანგაშო - ხუთშაბათს ის სრულ გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ახალი სეზონის პირველ ბუნდესლიგურ შეხვედრაში მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს. 23 წლის ნახევარმცველს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებენ მას შემდეგ, რაც კლუბის ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა.

„მუსიალა მედიკამენტების გაზრდილ დოზას ეჩვევა და მასზე კარგად რეაგირებს. ის კვლავ მოხვდება განაცხადში და ჩვეულებრივად ითამაშებს, მაგრამ, ამ გადაწყვეტილებას სამედიცინო ექსპერტებთან ერთად მივიღებთ. ის კარგად არის. დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა ხვალინდელ მატჩში განაცხადში არ იქნება“ - ვინსენტ კომპანი

მუსიალას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ თვეში ფეხბურთელი მოედანზე ორჯერ შეუძლოდ გახდა. პირველი შემთხვევა 15 აგვისტოს „ლაიფციგთან“ ამხანაგურ მატჩში მოხდა, მეორე კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმთან“ შეხვედრაში. ამ შემთხვევების შემდეგ ფეხბურთელს ინტენსიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა მოედანზე მისი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი დაედგინათ. მოგვიანებით თავად მუსიალამ დაადასტურა, რომ მას „ნევროლოგიური დისფუნქციით გამოწვეული აბსენსური კრუნჩხვები“ დაუდგინდა.

მუსიალას არყოფნაში კომპანის მოუწევს სხვა ფეხბურთელების გამოყენება იმისთვის, რომ „შტუტგარტის“ ორგანიზებული დაცვის გარღვევა შეძლოს. „ბაიერნს“ სურს, ჩემპიონობის დაცვის კამპანია საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყოს. 

სხვა სტატიები