Belive

ბეშიქთაშის თვითმფრინავს მეხი დაეცა - თურქები ბათუმში ავტობუსით ჩამოვიდნენ

6 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

თურქული საფეხბურთო კლუბის, ბეშიქთაშის დელეგაციის თვითმფრინავმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოში, ბათუმის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა. გამოცემა 'Interia Sport'-ის ინფორმაციით, ფრენის დროს თვითმფრინავს მეხი დაეცა. საბოლოოდ, საჰაერო ხომალდი თურქეთის ქალაქ რიზე-არტვინის აეროპორტში გადამისამართდა, საიდანაც გუნდი ბათუმში ავტობუსით ჩავიდა.

როგორც Interia Sport იუწყება, ბეშიქთაში საქართველოს მიმართულებით ოთხშაბათს, 15:00 საათზე გაფრინდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში თვითმფრინავს ელვა მოხვდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო ბათუმში დაჯდომა შეუძლებელი აღმოჩნდა, რის გამოც ხომალდი დიდხანს წრეზე დაფრინავდა და დისპეტჩერის კოშკურასთან კონტაქტს ინარჩუნებდა.

საბოლოოდ, თვითმფრინავი რიზე-არტვინის აეროპორტში გაუშვეს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ონდერ ოზენმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პილოტმა დაშვება ბოლო მომენტში შეწყვიტა, ხოლო მთლიანმა მგზავრობამ დაახლოებით რვა საათი გასტანა. მისივე თქმით, დელეგაციის ყველა წევრი ბათუმში უვნებლად ჩავიდა.

გზაში შექმნილი შეფერხების გამო, მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო იტალიანოს მატჩისწინა პრესკონფერენცია გაუქმდა. ბეშიქთაში ევროპა ლიგის ჯგუფური ფაზის შეხვედრას ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევას წინააღმდეგ ხუთშაბათს, 21:45 საათზე გამართავს.

აღსანიშნავია, რომ თამაში თავდაპირველად სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა უეფამ უსაფრთხოების მოსაზრებებით მასპინძელ ქალაქად ბათუმი ჯერ კიდევ ოქტომბერში შეარჩია. ოთხი ტურის შემდეგ ბეშიქთაში სატურნირო ცხრილში 7 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჰაპოელს 1 ქულა აქვს და 33-ე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები