Belive

ბექჰემი & ფერგიუსონი | როგორი იყო მათი ურთიერთობა?

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში, რომელიც დევიდ ბექჰემის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ძველი ინტერვიუდან, ასეთი ეპიზოდი გვხვდება: იგი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის შედეგად მიღებული პოპულარობის მიუხედავად, პიროვნულად არ შეცვლილა. ამ მოსაზრებას ბექჰემი დღემდე იზიარებს.

ამ სცენის შემდეგ, მუსიკა ჩერდება. მოულოდნელად, ეკრანზე სერ ალექს ფერგიუსონი გამოდის, რომელიც ამბობს: "დევიდი შეიცვალა, ორი აზრი არ არსებობს".

სერიალი კონტრასტებითაა სავსე: ნაჩვენებია, ერთი მხრივ მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთითაა შეპყრობილი და მეორე მხრივ, მეგავარსკვლავი - ბექჰემი, რომლისთვისაც ფეხბურთი დიდებისკენ მიმავალი გზაა.

90-იან წლებში ჩაწერილ ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტიც ამავე სერიალშია წარმოდგენილი, ფერგიუსონი ბექჰემის "სელებრითობის" წყურვილს შემდეგი სიტყვებით აფასებს: "ეს არის ფაზა, რომელიც, იმედია, მალე დასრულდება".

ფერგი იმაზე ღელავდა, რომ ბექჰემის მისწრაფება საფრთხეს უქმნიდა იმას, რასაც შოტლანდიელი სპეციალისტი ყველაზე მეტად აფასებდა: დისციპლინასა და შრომისმოყვარეობას.

4-სერიან სერიალში ხაზგასმულია გახმაურებული ეპიზოდი, როდესაც ფერგიუსონმა, ბექჰემს, ახალი ვარცხნილობის სასწრაფოდ მოშორება და თავის გადაპარსვა მოსთხოვა. მათ შორის ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბებოდა, თუმცა, პარალელურად, ფერგი ბექჰემის საჯარო ადვოკატად რჩებოდა.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ფერგიუსონმა The Sunday Times-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ინგლისის ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელი, გლენ ჰოდლი, ღიად გააკრიტიკა: ფერგის აზრით, ტუნისის ნაკრებთან, ბექჰემს ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ეთამაშა. შოტლანდიელს ასევე მიაჩნდა, რომ ის რისხვა, რომელიც ბექჰემს არგენტინასთან გაძევების გამო ინგლისელმა ქომაგმა თავს დაატეხა, "უბრალოდ სიგიჟე იყო".

2004 წელს გამოშვებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში, ბექჰემი წერს: "არ იდარდო შენზე ნათქვამ სიტყვებზე. დაუბრუნდი იმ ადგილს, სადაც გელიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, რომლებიც მხარს გიჭერენ".

დაძაბულობის პიკი

2002/03 წლებში, ბექჰემს რთული პერიოდი ჰქონდა: მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებმა ფიასკო განიცადა, მისი მშობლები დაშორდნენ, ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორიასა და მის ორ შვილს გატაცებას უპირებდნენ. ამ ყველაფერს კი მწვრთნელთან გაუარესებული ურთიერთობაც დაემატა.

2003 წლის იანვარში, "ოლდ ტრაფორდის" გასასვლელში, ფერგი შემთხვევით ბექჰემის დედას შეხვდა, რომელსაც, ასეთი რამ უთხრა: "იცი, სანდრა, დევიდის პრობლემა ისაა, რომ მას ყველა ელაქუცება (გაცილებით უფრო უცენზურო სიტყვებით)". ბექჰემი ამბობს, რომ ამაზე მეტად, ფერგიუსონი მას ვერაფრით აწყენინებდა.

დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც "არსენალმა" "იუნაიტედი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გასახდელში, ფერგიუსონი გაცეცხლებული იყო და გაშვებულ გოლში ბექჰემს ადანაშაულებდა. მიაჩნდა, რომ ბექჰემმა არასაკმარისად მოინდომა და ლონდონელთა კონტრშეტევაზე უკან დროულად არ დაბრუნდა. ეს იყო ის, რასაც შოტლანდიელი უფრთხოდა: ბექჰემმა დისციპლინა და შრომისმოყვარეობა დაკარგა.

ფერგიუსონმა ძირს დაყრილ ტანსაცმელს ფეხი მთელი ძალით ამოარტყა, ოლე გუნარ სულშერის ბუცმა კი ბექჰემს წარბი გაუხეთქა. მისი კარიერა დასრულებული იყო.

იმავე სეზონში, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" გადაიკვეთა.

პირველ მატჩში, მადრიდში, "რეალმა" ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. საპასუხო შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ბექჰემმა დუბლი შეასრულა, რაც საკმარისი არ გახლდათ - ორი მატჩის ჯამში, "რეალმა" 6:5 გაიმარჯვა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში, ბექჰემი იხსენებს, თუ როგორ გაუჭირდა იმ ღამით დაძინება, როგორ გრძნობდა მოჭარბებულ ადრენალინს. საწოლიდან ადგა, ატრია მოიმზადა და მატჩის გამეორებას უყურა.

მთავარი დეტალი შემდეგი იყო: 91-ე წუთზე, "რეალის" საჯარიმოს მისადგომთან, მადრიდელებმა იუხეშეს. ბექჰემის ზუსტ დარტყმას გუნდის შემდეგ ეტაპზე გაყვანა შეეძლო, თუმცა ჰეთ-თრიქის შესრულება, იმ ღამით, მხოლოდ ბრაზილიელმა რონალდომ შეძლო. ბექჰემის დარტყმული კარის ჩარჩოს აცდა, ფერგიუსონის სახე კი ბევრ რამეზე მეტყველებდა.

"მრისხანე, იმედგაცრუებული გამომეტყველება: თითქოს ყველაფერი ბექჰემის ბრალი იყო. თითქოს მატჩი მე წავაგე. ყველაფერი ნათელი და გასაგები გახლდათ: მას გუნდიდან ჩემი გაშვება სურდა".

იმ წელს, პრემიერ ლიგის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი მაინც შეიტანა. სეზონის დასკვნით მატჩებში, "ჩარლტონსა" და "ევერტონს" გოლები გაუტანა, თუმცა გრძნობდა, რომ ეს მისი ადგილი აღარ იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი სახლი იყო. ბოსთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებული იყო. გვქონდა პრობლემები, მაგრამ მაინც მიყვარდა. -

არსებობს ერთი სიტყვა, რომელსაც, ერთმანეთის დახასიათებისას, ორივე მათგანი იყენებს: სიჯიუტე.

"ის იმდენადვე იყო ჯიუტი, რამდენადაც სხვა ადამიანები, ეს კრიტიკა არ არის. სიჯიუტე არის მათივე წარმოდგენა საკუთარ თავზე, სურვილი, რომ სხვა ადამიანმა არ შეგცვალოს".
- სერ ალექს ფერგიუსონი

თავის მხრივ, ბექჰემი ამბობს, რომ სიჯიუტე მას მემკვიდრეობით ერგო. ჯერ მამისგან, შემდეგ კი ადამიანისგან, რომელმაც მის ცხოვრებაში მამის როლი შეასრულა.

ერთი რამ ცხადია: ფერგიუსონის ასეთი მასშტაბით არსებობა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბექჰემის ცხოვრებაში ფერგის ფაქტორი - მათი მსგავსებებისა თუ განსხვავებების, მეგობრობისა თუ უთანხმოების გათვალისწინებით.

The Athletic-ის მიხედვით

სხვა სტატიები