ბენფიკამ მაკაბი ჰაიფას 6:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბენფიკამ'' ,,მაკაბი ჰაიფას'' სტუმრად 6:1 მოუგო და H ჯგუფში ასპარეზობა 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
ბოლო ტურის წინ, ლისაბონურ გუნდსა და ,,პარი სენ ჟერმენს'' 11-11 ქულა ჰქონდათ (ორი ფრე ურთიერთშეხვედრებში) და ,,პსჟ'' პირველ პოზიციას ბურთების უკეთესი შეფარდების გამო (+8 - პსჟ-ს, +4 - ბენფიკას) იკავებდა.
დღეს პარიზელებმა ტურინის ,,იუვენტუსს'' სტუმრად 2:1 მოუგეს და გატანილ და გაშვებულ გოლებში სხვაობა 9 ბურთამდე გაზარდეს, შესაბამისად, ,,ბენფიკას'' გადასწრებისთვის მინიმუმ 5 გოლით მოგება სჭირდებოდა. როჯერ შმიდტის გუნდმა მე-6 გოლი 92-ე წუთზე გაიტანა, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ურთიერთშეხვედრებში, გატანილ და გაშვებულ გოლებში ორივე გუნდს აბსოლუტური თანაფარდობა აქვს, რის გამოც გადამწყვეტი სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა აღმოჩნდა - ,,ბენფიკამ'' მეტოქის მოედანზე 9 გოლი გაიტანა, ,,პარი სენ ჟერმენმა'' კი - 6.
H ჯგუფში მესამე ადგილი ,,იუვენტუსმა'' დაიკავა, რომელიც ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, მეოთხე ადგილზე კი ,,მაკაბი ჰაიფა'' გავიდა.