ბელინგემმა ლამაზი კადრის ავტორს მადლობა პირადად გადაუხადა
ჯუდ ბელინგემი ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მისი თავმდაბალი საქციელი სპორტული მედიის ყურადღებას ისევე იპყრობს, როგორც მისი შედეგიანი თამაში.
მადრიდის რეალის ნახევარმცველის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ბოლოს მან თავი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ (5:1) გამოიჩინა, როდესაც მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
ბელინგემის საფირმო, ხელებგაშლილი აღნიშვნა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფოტოგრაფმა მარკ ვერჰისმა შთამბეჭდავ კადრად აქცია. ინგლისელმა ვარსკვლავმა არ დაიზარა, Instagram-ზე ფოტოს ავტორს მიაგნო და სანამ კადრს საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებდა, პირადად მისწერა.
სალამი, მეგობარო! როგორც იქნა, მივაგენი ამ ფოტოს ავტორს. უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა ასეთი საოცარი მომენტის აღბეჭდვისთვის. ვაპირებ, ჩემს გვერდზე ავტვირთო და მოგნიშნო! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - ვკითხულობთ ბელინგემისა და ფოტოგრაფის მიმოწერაში
X-ზე გამოქვეყნებულმა ამ პოსტმა 55 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. გულშემატკივრებმა ფეხბურთელის საქციელი აღფრთოვანებით შეაფასეს: „ბელინგემის მშობლებმა აღზრდაზე წიგნი უნდა დაწერონ“. როგორც ჯუდი ფოტოგრაფს დაჰპირდა, მან ეს ფოტო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განათავსა და ავტორიც მონიშნა.